პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე "ღამის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ ბიზნესის წარმატება პოლიტიკურ წარმატებაში არ ითარგმნება, თუმცა რაც ორივეს სჭირდება, არის ნდობა.
ხაზარაძე ასევე ამბობს, მის ბანკს ოჯახში მცხოვრები ადამიანი გარეთ არ გამოუსახლებია.
"ეს არის ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდა, შექმნილია ჯიბის პარტიები, რომელთაც მთელი კამპანია აქვთ დაწყებული ჩვენზე და ლელოზე შეტევით. თქვენ შეგიძლიათ ხვალ ექსპერიმენტი ჩაატაროთ, წახვიდეთ და ძალიან ძვირადღირებული ბინის სანაცვლოდ კრედიტი მოითხოვოთ "თიბისი ბანკში", თუ მოგცემენ... მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ყველა ეთერში გავიმეორებ და ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ, რასაც ვლაპარაკობ, რომ "თიბისი ბანკს" ოჯახში მაცხოვრებელი ადამიანი გარეთ არ გამოუსახლებია, მიუხედავად იმისა, რომ იმ ადამიანს შეექმნა პრობლემები. აქ პრობლემა რაში მდგომარეობს იცით, დღეს 600 000 კერძო იპოთეკარი, ნამდვილი მევახშე რაც არის, ისაა დარეგისტრირებული და ამის დამფუძნებლები ძირითადად "ოცნების" მაღალი თანამდებობის პირები არიან," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.