17 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
ოპტიმისტურ პროგნოზშიც კი 5%-იანი ეკონომიკური ვარდნა უბრალოდ კატასტროფაა - სერგი კაპანაძე

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ საპროგნოზო მაჩვენებლებს ოპოზიციაში აფასებენ.

როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, იმ პოლიტიკით, რასაც დღეს მთავრობა აწარმოებს,ვერავითარი ეკონომიკური ზრდა ვერ იქნება.

"ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვართ, ეს ჭაობი, ეს ეკონომიკური ვარდნა, უბრალოდ შეუძლებელია, რომ ამ მთავრობამ გამოასწოროს და ეს მოლოდინი გარდამტეხი ცვლილებების დააკმაყოფილოს. სავალუტო ფონდის პროგნოზებიც ამაზე მეტყველებს. ისინი როგორც ჩანს გაცილებით ოპტიმისტურია, ვიდრე რეალობაა, მაგრამ ამ ოპტიმისტურ პროგნოზშიც კი, 5%-იანი ეკონომიკური ვარდნა, უბრალოდ კატასტროფაა და ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ ეს მთავრობა არ შევცვალეთ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უბრალოდ ვერ ამოვალთ ამ ჭაობიდან," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.

"არავითარი ზრდა ეს არ არის 2019 წელთან შედარებით და ესეც არის პროგნოზი და არასდროს პროგნოზები არ მართლდება და ყოველთვის უარესი მდგომარეობაა საქართველოში, ვიდრე იყო პროგნოზი. ამ 8 წლის განმავლობაში, ერთხელაც კი, საქართველოსთან მიმართებით პროგნოზი არ აღსრულებულა. ყოველთვის გაცილებით უარესი იყო, ვიდრე წინასწარ დასახული გეგმა. თუ ახლა დავაკვირდებით რა ხდება ლართან დაკავშირებით, ფასებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, რომ ამ პოლიტიკით, რასაც დღეს მთავრობა აწარმოებს ვერავითარი ეკონომიკური ზრდა ვერ იქნება," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა განაახლა. ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი + 5%-ს გაუტოლდება. ფონდი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად საშუალოდ 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამ მონაცემებით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და რეგიონის ქვეყნებში პირველ ადგილს იკავებს. მეორე და მესამე პოზიციაზე კი, სერბეთი და სომხეთი მოდიან.

დღის ამბები