ტერიტორიების დაკარგვის რეალური საფრთხე თუ ბრძოლა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გასანეიტრალებლად - ქართული ეკლესიის სამი სალოცავის ტერიტორიის სადავო საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
აგვისტოში დაწყებულ გამოძიებაზე დღეს სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ პირველად ქართულ მხარეს შეუძლია პოზიციები გაიმყაროს და კონკრეტული მტკიცებულებებით დაადასტუროს, რომ ის, რაზეც მხარეები უკვე წლებია დავობენ, ნამდვილად საქართველოს საკუთრებაა. ამ დოკუმენტების ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს ოპოზიცია.
მიზეზი, რაზეც ოპოზიციურ პარტიებში საუბრობენ, არის წინასაარჩევნო გარემო და ის მცირე დროა, რომელიც არჩევნებამდე არის დარჩენილი. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში ფიქრობენ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმე არის სრულიად პოლიტიკური და "ქართული ოცნება" საქმეს პროპაგანდისთვის იყენებს.
"საუბარი იმაზე, რომ რაღაც დასკვნა არსებობს, რომელიც ადასტურებს, რომ ქვეყნის ინტერესები ილახებოდა. არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც შეიძლება მსგავსი შინაარსის დასკვნა დადოს იმიტომ, რომ ეროვნულ ინტერესებს რა სჭირდება, ამას წყვეტს ქვეყანა და არა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია. ამიტომ ეს არის ჩემი აზრით, ძალიან უსუსური მცდელობა, რომ სიტყვა საერთაშორისოს ამოეფაროს ეს ძალიან ურცხვი, ანგაჟირებული პროპაგანდა და მე მოვუწოდებდი ყველას, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტროში მომუშავე პროფესიონალებს, რომ არ აყვნენ ამ პროპაგანდას," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა სერგი კაპანაძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ გარეჯის საქმე შეთითხნილი, ცილისმწამებლური კამპანიაა, რომელიც მიმართულია დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრების წინააღმდეგ.
"თავიდან ბოლომდე ეს შეთითხნილი, ბინძური, ცილისმწამებლური კამპანიაა ამ კარტოგრაფების წინააღმდეგ, მაგრამ ამავდროულად შინაარსობრივად ეს არის ივანიშვილის მოღალატური რეჟიმის და მისი პირადად უბადრუკი მცდელობა, რომ რამენაირად მოებღაუჭოს ხელისუფლებას და არ დაგიდევს იმას, რომ ღალატობენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს იმიტომ, რომ ამ საუბრებით და ამგვარი სქემების აწყობით და პროკურატურის ამგვარი მოქმედებით პირიქით ასუსტებენ საქართველოს მომლაპარაკებელ პოზიციას," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე.