"ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია, ამომრჩეველთა მოსყიდვაში ადანაშაულებს.
თამარ კორძაიას განცხადებით, აბაშა-მარტვილი-ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, მოქალაქეების რელიგიური გრძნობებით მანიპულირებს.
მისი თქმით, მოწერელია სამ სოფელში მოსახლეობას დაპირდა ეკლესიების აშენებას, მიიტანა სამშენებლო მასალები და დაიწყეს მშენებლობა. თამარ კორძაია საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს ფაქტით დაინტერესდეს.
"ის ქართველი მოქალაქეების რელიგიური გრძნობებით მანიპულირებს და წინასაარჩევნოდ სამი სოფლის მოსახლეობას ეკლესიების მშენებლობას დაპირდა. მიიტანა სამშენებლო მასალები და უკვე დაიწყეს მშენებლობა. ვურჩევ საგამოძიებო ორგანოებს, დეტალურად შეისწავლონ ეს მასალები და დაიწყონ გამოძიება ალექსანდრე მოწერელიას მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით," - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია.
ოპოზიციის ბრალდებებს მმართველ გუნდში პასუხობენ. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მთავარი განსხვავებაა ის არის, რომ ისინი საზოგადოებაზე და ხვალინდელ დღეზე ზრუნავენ, ოპოზიცია კი, მხოლოდ ბრალდებებითა და ჭორაობით გამოირჩევა.
"საზოგადოება კარგად ხედვას, თუ როგორი დღის წესრიგი გაგვაჩნია ჩვენ, "ქართული ოცნების" გუნდსა და მთლიანად ოპოზიცია. ჩვენ ორიენტირებული ვართ, მოსახლეობაზე და უკეთეს ხვალინდელ დღეზე, ოპოზიცია კი, სულ ცრუ ბრალდებებით, აგრესიითა და ჭორაობით გამოდის, ეს არის მთავარი განსხვავება, რომელიც გააჩნია "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.