17 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
ოპონენტებს შეიძლება არ მოსწონდეთ, რომ მეტად მზად ვართ და გვაქვს მეტი ცოდნა - ნათია მეზვრიშვილი ეპიდსიტუაციის მართვაზე

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის თქმით, ოპოზიციისთვის მარტივია ეპიდვითარებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედებები აკრიტიკოს, რადგან მათ ნაკლები პასუხისმგებლობა აქვთ. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილმა "დღის კურიერში" ოპოზციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა, იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებამ გაცილებით მარტივი ეპიდსიტუაციის დროს ფრენები აკრძალა, თუმცა გართულებულ ეპიდვითარებაში ფრენებზე შეზღუდვებს ხსნის:

"პოლიტიკური ოპონენტებისთვის მარტივია ასე საუბარი, ჩვენ სხვა პასუხისმგებლობა გვაკისრია, მით უმეტეს პოლიტიკურ ოპონენტებს არ ევალებათ ვირუსის მართვა და ისინი არ არიან უშუალოდ პასუხისმგებლები ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე. ჩვენ ეს პასუხისმგებლობა გვაკისრია და ამიტომ ალბათ ცოტა უფრო უკეთ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. როცა ფრენებზე შეზღუდვა დაწესდა, ეს მაშინ იყო საჭირო და კარგად ვიცოდით რას ვაკეთებდით. დღეს ცოტა სხვა ვითარებაა, ვირუსთან ადაპტაციის და მისი მართვის პროცესში ვიმყოფებით. დღეს სისტემა მეტად არის მომზადებული. გასაგებია რომ ოპონენტებს ეს შეიძლება არ მოსწონდეთ, რომ მეტად მზად ვართ და გვაქვს მეტი ცოდნა და სიტუაციას ოპერაციულ დონეზე უკეთესად ვმართავთ, იმიტომ რომ მეტი ვისწავლეთ, ვიდრე ვიცოდით წლის დასაწყისში," - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ფრენების სიხშირის გაზრდას აქვს ორი მთავარი მიზეზი:

"ლოგიკა ძალიან მარტივია,სხვა ეტაპზე ვიმყოფებით ადაპტაციისა და მართვის, მიზანი აქ ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა, ამიტომ ის რასაც ვაკეთებთ, რომ ფრენის სიხშირე დაემატება, ერთია რომ ეს ეკონომიკური თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკის სწრაფი აღდგენის კონტექსტში და მეორე- ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ რეალობაში ვიმყოფებით, არჩევნებია წინ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ დამკვირვებლებს მიეცეთ ჩამოსვლის შესაძლებლობა და მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა რომ ჩარტერულ რეისებსაც განახორციელებს," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის თქმით, რეისები ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ეტაპობრივად დაემატება. შეიცვლება კოვიდკონტროლთან დაკავშირებული წესებიც სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით, ამასთან დაბრკოლება არ შეექმნება ქვეყანაში საარჩევნოდ დამკვირვებლების ჩამოსვლას.

"ტესტის პასუხი თუ გვაქვს მივდივართ იზოლაციაში, თუ არ გვაქვს მივდივართ კარანტინში. რაც შეეხება დამკვირვებლებს, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და არანაირი დაბრკოლება არ იქნება," - აღნიშნა მეზვრიშვილმა.  

დღის ამბები