შს მინისტრის მოადგილეები სადამკვირვებლო მისიების და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე ინფორმაცია მიიღო.
"საკმაოდ პოზიტიური შეხვედრა იყო. დიპლომატიურმა კორპუსმა ინფორმაცია მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, განსაკუთრებით აღინიშნა პოლიციის საქმიანობა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლიციის მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობების პირნათლად შესრულება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაგვარწმუნა, რომ პოლიცია მოქმედებს შესაბამისად. მნიშვნელოვანია ყველამ გაიაზროს, რომ საარჩევნო პერიოდში მომხდარ დარღვევებზე არავინ დარჩება დაუსჯელი, ასეთ დროს ძალადობა დაუშვებელია. მოვისმინეთ ინფორმაცია, რომ მსგავს შემთხვევებზე გამოძიება უკვე დაწყებულია, რომ მოხდება სწრაფი და შედეგიანი რეაგირება, როგორც ეს კანონმდებლობითაა გათვალისწინებული," - განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა.