17 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
ირღვევა თუ არა რეგულაცია - "გირჩი" ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს

"გირჩი" ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. უკმაყოფილება მოჰყვა რეგულაციების დარღვევის გამო კვების და გასართობი ობიექტების დაჯარიმებას. შრომის ინსპექციამ ათი ათასი ლარის სანქცია დედაქალაქის მასშტაბით, სულ შვიდ ობიექტს დააკისრა. რამდენიმე ლოკაციაზე, თანაგუნდელებთან ერთად, "გირჩის" წევრები იმყოფებოდნენ. მათ მომხდარი პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასეს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ობიექტების მფლობელები პარტიას ფართს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური შეკრებისთვის უთმობდნენ.

"გირჩში" აცხადებენ, რომ ამ ობიექტზე ყველა შემსვლელმა იცის, რომ პარტიის შეხვედრაზე იმყოფება:

"შესასვლელში უზარმაზარი გირჩის დროშა კიდია და ყველა შემომსვლელმა იცის, რომ არის გირჩის შეხვედრაზე, სხვა რეგულაციები ყველა იყო დაცული," - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ჰერმან საბო.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე ამბობს, რომ აღნიშნულ ობიექტებზე ეკონომიკური საქმიანობა შენიღბულად მიმდინარეობდა:

"გვაქვს შესაბამისი ფოტო ვიდეო მტკიცებულება სადაც შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ აქ არ იყო პოლიტიკური საქმიანობა და ეს იყო შენიღბული," - განაცხადა ბექა ფერაძემ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისსა და იმერეთის რეგიონში 22 საათის შემდეგ კაფე-ბარებსა და რესტორნებს მუშაობა ეკრძალებათ.  ამის პარალელურად შეზღუდვები არ ვრცელდება პოლიტიკური ხასიათის შეკრებებზე.

დღის ამბები