"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონში, სოფელ კოკში ადგილობრივებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და მოსახლეობას ცვლილებების გეგმა გააცნო.
გიგი უგულავას თქმით, როგორც ზუგდიდში, ისე მთლიანად საქართველოში არის მძიმე სოციალური ფონი, ადამიანებს აქვთ უპერსპექტივობისა და უიმედობის განცდა, ხოლო ხელისუფლება ყველა პრობლემის მიმართ უყურადღებობას იჩენს.
როგორც უგულავამ აღნიშნა, ანაკლიის პორტი არის შველა გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, რომელიც როგორც ზუგდიდს, ისე მთლიან საქართველოს მოუტანს სრულიად ახალ შესაძლებლობებს.
მისივე თქმით, ამისათვის საჭიროა 31 ოქტომბერს ივანიშვილის დამარცხება და გარდამტეხი ცვლილებების მოტანა.
"ზუგდიდისთვის მნიშვნელოვანია იმ პორტის მშენებლობა, რაც ივანიშვილმა შეაჩერა. ეს იქნება უამრავი სამუშაო ადგილი და პერსპექტივა. დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური კლასი მინუს ივანიშვილით თანხმდება იმაზე, რომ ეს პორტი აშენდეს,"- განაცხადა გიგი უგულავამ.