17 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
"ლეიბორისტულ" პარტიას გააჩნია 30 წლიანი ტრადიციული ელექტორატი, პარტია აიღებს ძალიან ბევრ ხმას - შალვა ნათელაშვილი

"რუსთავი 2-ის" დაკვეთით კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ 31 ოქტომბერს, სწორედ მათი პარტია მიაღწევს წარმატებას. 

"როცა მე ვიცი, როგორ ტარდება საქართველოში კვლევები, როდესაც მე ვიცი, რომ ჩვენი პარტიის წევრები უკვე ტრადიციულად შეეჩვივნენ იმას, რომ არ უნდა თქვან, რომ ჩვენს პარტიას მხარს უჭერენ, იმიტომ, რომ 2008 წლიდან 2012 წლამდე ამისთვის უბრალოდ იჭერდნენ ადამიანებს, ახლა სამსახურიდან აგდებენ და სოციალურის წართმევით ემუქრებიან, ისედაც ვიცი ზოგადი ვითარება ქვეყანაში, ასე რომ ისიც მახსოვს, რომ არცერთ კვლევას რეალისტური შედეგი არ დაუდევს საქართველოს ბოლო ათწლეულების ისტორიაში,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"საქართველოს ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მათი პარტიის გარეშე კოალიციური მთავრობა საქართველოში ვერ შედგება. 

"შეიძლება, რომ 10%-ზე ნაკლები რეიტინგი ჰქონდეს "ლეიბორისტულ" პარტიას, რომელსაც აქვს ისტორიული მხარდაჭერა და გააჩნია 30 წლიანი ტრადიციული ელექტორატი? "ლეიბორისტული" პარტია აიღებს ძალიან ბევრ ხმას და "ლეიბორისტული" პარტიის გარეშე, არანაირი კოალიციური მთავრობა საქართველოში ვერ შედგება," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

მაღალი მაჩვენებლის მოლოდინი აქვს პარტიას "ლელო საქართველოსთვის". გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძემ ამბობს, რომ მათი მაჩვენებელი ორნიშნა ციფრს უკვე ასცდა. 

"ჩვენი კვლევის შედეგებით ჩვენ უკვე ვართ კარგა ხანია ორნიშნა ციფრზე და ჩვენი ამოცანაა, რომ 31 ოქტომბერს, ჩვენ მოვახერხოთ იმ რაოდენობის ხმები მივიღოთ, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ვიყოთ ძირითადი მაფორმირებელი ძალა კოალიციური მთავრობის,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შედეგებს არ ენდობიან "საქართველოს პატრიოტთა ალიანსში" და გამარჯვების იმედი აქვთ. 

"მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ჩვენ ვლიდერობთ რეიტინგში, ვართ პირველ ადგილზე, ხელისუფლებაზე მეტი რეიტინგი გვაქვს, ამიტომ ენდეთ ჩვენს კვლევებს,“ - განაცხადა გოჩა თევდორაძემ. 

 

დღის ამბები