საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს, გადასატან ყუთს სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი საარჩევნო კომისიის წევრები, დამკვირვებლები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გაყვებიან. ანა მიქელაძის ინფორმაციით, ეკიპირებაში შედის დამცავი ფარი, პირბადე, სადეზინფექციო ხსნარი და ერთჯერადი ხალათი.
"ვიმედოვნებთ, რომ გადასატან ყუთს, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, ასევე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს და მედიას ექნება საშუალება გაყვნენ გადასატან ყუთს და მაქსიმალურად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში.
ჯანმრთელობის უსაფრთხოების გამო, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს არამხოლოდ თავისი თანამშრომლების და ამომრჩევლის, არამედ იმ პირებისთვისაც, რომლებიც საარჩევნო პროცესში არიან ჩართულნი.
ყველა დამკვირვებელი თუ ის პირი, ვინც პროცესში იქნება ჩართული, შესაბამისი ეკიპირებით იქნება აღჭურვილი. შეძლებენ გაყვნენ, მონიტორინგი გაუწიონ და სრულფასოვნად განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება. ასევე, როდესაც საარჩევნო უბანზე დაბრუნდებიან, ექნებათ შესაძლებლობა, უკვე უბანზე გააგრძელონ კენჭისყრის პროცესის მონიტორინგი,"- განაცხადა "დღის კურიერში" საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ.
ანა მიქელაძის განცხადებითვე, თუ ამომრჩეველი უბანზე პირბადის გარეშე მივა, მას გადაეცემა პირბადე და ინდივიდუალური კალამი. უბანზე ამომრჩეველს ორჯერ მოუწევს პირბადის მოხსნა - პირველი, როდესაც შედის უბანზე და ხვდება ნაკადის მომწესრიგებელს, მეორე შემთვევაში ამომრჩეველი რეგისტრატორთან რამდენიმე წამით მოიხსნის პირბადეს.