17 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
პანდემიის პირობებში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას - არასამთავრობო ორგანიზაციები

12 არასამთავრობო ორგანიზაცია ქვეყანაში გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და მოახლოებულ არჩევნებს განცხადებით ეხმაურება. მიმართვაში ნათქვამია, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების პირობებში შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა. 

"ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ქვეყანაში უკიდურესად გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი საქართველოში "კოვიდ-19"-ით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდასთან დაკავშირებით. ინფიცირებულების რიცხვის ზრდასთან ერთად, როგორც ჩანს, სახელმწიფოს სულ უფრო მეტად უჭირს კრიზისთან გამკლავება. ამ პირობებში საქართველოში დაახლოებით ორ კვირაში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. დღევანდელი მდგომარეობით მოცემულობა შემდეგია:

წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს თავს ვერ ავარიდებთ ხალხმრავალ შეკრებებს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ გამოცხადდა რეკომენდაციები ვირუსისგან თავის დაცვასთან დაკავშირებით, სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი არც პირბადის ტარების და არც დისტანციის დაცვის წესებს არ იცავს, რაც, ცხადია, მნიშვნელოვანი რისკის შემცველია.

პოლიტიკური პარტიები აგრძელებენ წინასაარჩევნო კამპანიას, თუმცა ზოგმა მათგანმა კოვიდინფექციის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით მნიშვნელოვნად შეცვალა და ზოგ შემთხვევაში, შეზღუდა წინასაარჩევნო აქტივობები. შემცირებულია ე.წ კარდაკარების ჩატარება და ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი თავს იკავებს ხალხმრავალი შეკრებებისგან.

მსგავსი ეპიდემიოლოგიური ვითარება შესაძლებელია გავლენას ახდენდეს ამომრჩეველზეც, რომელიც, თავის მხრივ, თავს არიდებს წინასაარჩევნო შეკრებებში მონაწილეობას.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების პირობებში შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შემცირდეს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა. ეს განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში მყოფ მოქალაქეებს ეხება.

დღეის მდგომარეობით, კორონავირუსის ინფექცია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერს დაუდასტურდა, რაც გარკვეულწილად გავლენას მოახდენს შესაბამისი პარტიების აქტივობებზე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დღეს.

მნიშვნელოვანი გამოწვევები ექმნებათ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ყოველდღიური გამოწვევების წინაშე დგანან, სათანადო რაოდენობის დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მობილიზების კუთხით.

მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას ასევე საარჩევნო ადმინისტრაციაც, რომლის ათეულ ათასობით თანამშრომელს თითქმის 24-საათიან რეჟიმში რეგულაციების დაცვით მოუწევს არჩევნების დღეს კომისიებში ყოფნა ან გადასატანი ყუთით, მათ შორის კარანტინში მყოფ ამომრჩეველთან კომუნიკაცია, რაც აჩენს კითხვებს როგორც მათი ჯანმრთელობისთვის რისკების შექმნის, ისე მუშაობის პროდუქტიულობის შესახებ.

არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, საკარანტინო ზონაში და თვითიზოლაციაში დარჩენილ ათასობით მოქალაქის ხმის მიცემის პროცესის დაკვირვება სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ძალიან რთული იქნება.

ვინაიდან საჯარო დისკუსიაში კოვიდინფექციასთან დაკავშირებული საკითხები დომინირებს, პარტიები ნაკლებად ახერხებენ პროგრამულ პრიორიტეტებზე კონცენტრირებას.

სამწუხაროა, რომ მოსახლეობის ნაწილს "კოვიდ-19”-ის არსებობის არ სჯერა ან არასერიოზულად უყურებს ამ საკითხს, შესაბამისად, მოსალოდნელია მათ მიერ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციების უგულებელყოფა.

ამ გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად გამჭვირვალე გადაწყვეტილებები მიიღოს "კოვიდ კრიზისის” დაძლევასთან დაკავშირებით და, რაც მთავარია, კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას, სიტუაციის განვითარების სხვადასხვა სცენარის პირობებში რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს. ამ მიზნით აუცილებელია:

გაფართოვდეს კრიზისების საბჭოს ფორმატი, რომლის საქმიანობაში არჩევნებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი აქტორის (მათ შორის, პოლიტიკური პარტიებისა, არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის) ჩართვა იქნება შესაძლებელი;

შემუშავდეს კოვიდინფექციის მართვის გეგმა მისი სხვადასხვა ტემპით გავრცელების სცენარების გათვალისწინებით;

მნიშვნელოვანია, განისაზღვროს კოვიდინფიცირებულთა ის კრიტიკული რაოდენობა და ეპიდემიის გავრცელების ტემპი და სიმძიმე, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, არჩევნების გადადებას და შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას განაპირობებს.

და ბოლოს, ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ არჩევანის გაკეთება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შორის არ არის ინტერესთა დაბალანსების მართებული გზა. შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობით, ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვითა და გამჭვირვალე პროცედურებით იქნას მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები," - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - TI Georgia

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED

ღია საზოგადოების ფონდი - OSGF

საფარი

საზოგადოება და ბანკები

მედიის განვითარების ფონდი -MDF

ადამიანის უფლებათა ცენტრი - HRIDC

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI

საქართველოს გაეროს ასოციაცია

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC" - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები