17 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
არჩევნებზე გვეყოლება იმაზე მეტი უცხოელი დამკვირვებელი, ვიდრე პანდემიის პირობებში შეიძლება, ამა თუ იმ ქვეყანამ უზრუნველყოს - მაია ცქიტიშვილი

სავარაუდოდ, ევროპარლამენტის მიერ საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას არ გამოგზავნის. გადაწყვეტილებას შეფასებები მოჰყვა მმართველ პარტიაში.

მმართველ გუნდის წევრები აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდება.

გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, პანდემიის პირობებში არჩევნებს იმაზე მეტი დამკვირვებელი დაესწრება, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობს.

"კოვიდის პანდემია აისახება ყველა სტრუქტურის, ყველა ინსტიტუციის მუშაობაზე და იცით, რომ ბევრმა სხვა ორგანიზაციებმა, მათ შორის NDI-მ, IRI-მ არ გამოაგზავნეს თავისი გრძელვადიანი დამკვირვებლები, მაგრამ ისინი ახორციელებენ სრულ დაკვირვებას არჩევნებზე ადგილობრივი დამკვირვებლების მეშვეობით, რომელიც მუშაობენ მათი ეგიდით.

ამ არჩევნებზე ჩვენ გვეყოლება საერთაშორისო დამკვირვებლები, როგორც ნატოს საპარლამენტო ასაბლეიდან, ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეიდან და ეუთო/ოდირიდან. არჩევნებზე გვეყოლება ძალიან ბევრი უცხოელი დამკვირვებელი, იმაზე მეტი, ვიდრე პანდემიის პირობებში შეიძლება ამა თუ იმ ქვეყანამ უზრუნველყოს," - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

"ხელისუფლება ყველა ზომას იღებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში შეძლონ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილმა დამკვირვებლებმა საარჩევნო პროცესს გაუწიონ მონიტორინგი.

ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა შეძლონ უშუალოდ მონიტორინგი გაუწიონ საარჩევნო პროცესს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე არჩევნების დღეს," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები