17 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
დიახ, გირგვლიანი სისტემის მსხვერპლი იყო, არანაირი მონაცემი არ მაქვს რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან ასეთ საზარელ დანაშაულზე ვინმემ ბრძანება გასცა - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერში" წინა ხელისუფლების დროს გახმაურებულ საქმეზე - სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა.

გიგა ბოკერიას შეფასებით, სანდრო გირგვლიანი სისტემის მსხვერპლი იყო, თუმცა დარწმუნებულია, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არცერთ პოლიტიკურ ლიდერს არ ეკისრება.

“დიახ, სისტემის მსხვერპლი იყო სანდრო გირგვლიანი და სხვა ყველა, ვინც ძალადობის მსხვერპლი გახდა სისტემის, სადაც ერთ პოლიტიკურ გუნდს ჰქონდა სრული კონტროლი და მიუხედავად იმისა, რომ სწორი მიმართულებით მიდიოდა ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, კორუფციასთან, ქვეყნის გარეთ მტრებთან და სამართალდამცველი ორგანოები ამ ბრძოლაში იყვნენ ჩართულნი ივანიშვილისგან განსხვავებით, ამ სწორ ბრძოლაშიც, თუ არ გაქვს გამაკონტროლებელი მექანიზმები და სასამართლო, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს და ეს აღარ უნდა დავუშვათ.

მე მაშინ ვიყავი პოლიტიკური ლიდერი პარლამენტში, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, მე პასუხისმგებელი ვიყავი ყველაფერზე, რაც მოხდა, ან არ მოხდა. სისხლის სამართლებრივი დანაშაული არ მიმიძღვის, თუ ამ აღიარებას ელოდებით უკვე მეორე გადაცემაა ჩემგან. მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, განსხვავებით ივანიშვილის გარემოცვისგან მე და ჩვენ გუნდს, "ევროპულ საქართველოს", ვინც მაშინ იყო ამ გუნდში, კარგად გვაქვს გაცნობიერებული რას ნიშნავს სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ ამაზე პროაქტიურად, თქვენი კითხვების გარეშე ბევრს.

ეს არის მაგალითი, რომ თქვენ არ მოგწონთ ჩემი პასუხები. თუ მეკითხებით დავავალე თუ არა ვინმეს ძალადობა არა, არ დამივალებია. ისევ სიტყვების მნიშვნელობაზე ვერ ვთანხმდებით - თქვენ "შეცდომა" მსუბუქი სიტყვა გგონიათ. ამიტომ, ერთი ისტორიული ფრაზა მინდა გავიხსენო - "შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტიაო" თქვა ცნობილმა ფრანგმა დიპლომატმა. შეცდომა არ არის მსუბუქი სიტყვა, მას შეიძლება მოჰყვეს უმძიმესი შედეგები და დანაშაული. შეცდომა არის, როცა სამართალდამცველი ორგანოები, ვინც იძიებენ ამ საქმეს ყველა არიან უკონტროლოები, შემდეგ მათი მიკერძოება ყველა იმ საქმესთან დაკავშირებით, სადაც თვითონ არიან გარეულები, ხდება ავტომატურად, ბრძანების გარეშე. მე არანაირი მონაცემები არ მაქვს, რომ ვინმემ ბრძანება გასცა ასეთ საზარელ დანაშაულზე და, დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან არც არავის გაუცია ბრძანება, მაგრამ ეს არ უხსნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თუ სისტემამ ვერ იმუშავა, რომ ვინც ასეთი დანაშაული ჩაიდინა, დაისაჯოს სრულფასოვნად, და უფრო მეტიც, პრევენცია იყოს, რომ ვინც სამართალდამცველ ორგანოებშია, წინასწარ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ასეთი რამ არ უნდა ჩაიდინონ, ეს არის პოლიტიკური პასუხიმგებლობა,"-განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

დღის ამბები