არასამთავრობო ორგანიზაციები კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატებიდან და არსებული საფრთხიდან გამომდინარე ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. სამოქალაქო სექტორის ნაწილი თვლის, რომ აუცილებელია გაფართოვდეს კრიზისების საბჭოს ფორმატი. "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე პროცესში სახალხო დამცველისა და ოპოზიციის ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს.
სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ აუცილებელია შემუშავდეს COVID ინფექციის მართვის გეგმა, განისაზღვროს COVID ინფიცირებულთა ის კრიტიკული რაოდენობა და ეპიდემიის გავრცელების ტემპი და სიმძიმე, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, არჩევნების გადადებას და შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას განაპირობებს.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე აცხადებს, რომ როგორც ამომრჩეველს, ასევე საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირებსაც, სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ რისკების შესახებ.