"დაუპიპინე ბიძინას" - "ევროპული საქართველო" თბილისსა და რეგიონებში ავტომობილებით აქციას მართავს. აქციის ფარგლებში ოპოზიციური პარტიის წევრებისა და მათი მხარდამჭერების ავტოკოლონა ზუგდიდიდან თბილისისკენ უკვე დაიძრა.
საავტომობილო კოლონა პარტიის ადგილობრივი შტაბიდან სამანქანო სიგნალების თანხლებით დაიძრა და დღის ბოლოს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეიკრიბებიან . მათი თქმით, აქციის მიზანია, "ქართული ოცნების" ლიდერს შეახსენონ, რომ მისი მმართველობის პერიოდი დასრულებულია.
"ევროპული საქართველოს" მოწოდებას კახეთშიც შეუერთდნენ. აქციის ფარგლებში პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები მანქანებით და სიგნალით მოიარეს.
რის შემდეგაც კოლონით თბილისისკენ გაემართნენ და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. მათი თქმით, ამ ფორმით კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ "ქართული ოცნების" 8 წლიან მმართველობას.
"დაუპიპინე ბიძინას"ამ ტრანსფარანტებით და სიგნალებით "ევროპული საქართველოს" წევრები ფოთიდან თბილისის მიმართულებით დაიძრნენ. მანქანების კოლონამ მთელი ქალაქი სიგნალებით და საყვირებით შემოიარა.
"ევროპული საქართველოს" წევრები გურიის რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატთან ხათუნა გოგორიშვილთან ერთად შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან მანქანების კოლონებითა და ტრანსფარანტებით მივიდნენ. აქცია "დაუპიპინე ბიძინას" საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად დენდროლოგიური პარკის მიმდებარედაც გაიმართა. ხათუნა გოგორიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დრო ამოიწურა და დროა წავიდეს. მანქანების კოლონა თბილისის მიმართულებით დაიძრა, სადაც შემაჯამებელი აქცია ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან გაიმართება.