დმანისში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ბოლნისში მმართველი გუნდის მაჟორიტარი კანდიდატის ორგანიზებით შექმნილია ბანდა, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერებზე ძალადობს. დიმიტრი შაშკინის ინფორმაციით, ისინი "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ დმანისში გუშინ მომხდარ ფაქტში მონაწილე ყველა პირი სწორედ მმართველი გუნდის აქტივისტია და მათ ერთმანეთი თავად დაჭრეს.
"ბოლო 1 თვის განმავლობაში ბოლნისის, დმანისის, წალკის და თეთრიწყაროს რაიონში მოქმედებებს კარგად ორგანიზებული ბანდა, რომელიც არის შექმნილი გოგი მეშველიანის მიერ. ამ ბანდას ხელმძღვანელობს მისი ძმა. ამ ბანდაში შედიან სახელმწიფო მოხელეები და კრიმინალები.
ჩვენ მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. ღმერთის წყალობით ჯერჯერობით მსხვერპლი არ არის, მაგრამ, თუ ეს ბანდა არ გაჩერდება, ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან ცუდად," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა დიმიტრი შაშკინმა.
დიმიტრი შაშკინის განცხადებას პასუხობენ "ქართულ ოცნებაში". გია ვოლსკის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ დეზინფორმაციას ავრცელებს და მმართველი პარტიის ბოლნისის მაჟორიტარ კანდიდატს, გოგი მეშველიანს ცრუ ბრალდებებს უყენებს.
"ეს არის ადამიანი, რომელიც არა, თუ ბანდასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, არამედ არის ეტალონი, თუ როგორი უნდა იყოს ვაჟკაცი ქართველი, პატრიოტი ადამიანი, კარგი ბიზნესმენი, თავისი ქვეყნის და ხალხის მოსიყვარულე. რა საკვირველია შაშკინები ეცდებიან, რომ ეს ყველაფერი დააბრალონ მას და რა საკვირველია წინასაარჩევნო პერიოდში სხვა მეთოდი აღარ დარჩათ, თუ არა ასეთი ხისტი შეფასებების მოხმარება," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.