17 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
კრიმინალთან ბრძოლაში "ქართული ოცნების" ხელისუფლება დამარცხდა - გიგი უგულავა

პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ის, რომ ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" შეჭრილი თავდამსხმელი ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ არის, ჩატარებული სპეცოპერაციის მარცხს ნიშნავს. 

"სრული უპასუხისმგებლობაა შს მინისტრის განცხადება და თვალში ნაცრის შეყრა, რომ სპეცოპერაციის დროს თურმე ხელმძღვანელობდნენ ჰუმანურობით და ადამიანზე ზრუნვით. უნდა ესმოდეს შს მინისტრს, რომ დამნაშავე დაჭერილი არ არის და მაღალი ალბათობით, იდენტიფიცირებულიც არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ მან მიაღწია თავის საწადელს, რომ ამით მწვანე შუქი ენთება მსგავს ქმედებებს.

ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ როცა ტერორისტი მიაღწევს თავის საწადელს, ეს უბიძგებს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს და ნიშნავს მწვანე შუქის ანთებას და წახალისებას. ან ხდება დაკავება ცხელ კვალზე, ან რამდენიმე დღის შემდგ. უნდა არსებობდეს ფოტორობოტი, იდენტიფიცირებული უნდა იყოს პირი, საზოგადოება ერთვება ასეთ ძიებაში იმიტომ, რომ ხდება გამოფენა და თუ ვინმეს ინფორმაცია აქვს, აწვდის სამართალდამცავებს.

ამ შემთხვევაში, არც ერთი მომხდარა და არც მეორე. სამწუხაროდ, გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მომენტისთვის, ეს არის ჩაფლავებული ოპერაცია და, სამწუხაროდ, კრიმინალთან ბრძოლაში "ქართული ოცნების" ხელისუფლება დამარცხდა და ზუგდიდის ინციდენტი იყო ამის სამწუხარო გამოვლინება,"-განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით დღის ორი საათისთვის შეიჭრა. ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა და მუხლებზე დაჩოქება უბრძანა. იყო რამდენიმე გასროლაც. ბოროტმოქმედმა მოგვიანებით, 500 000 ამერიკული დოლარი და თვითმფრინავით ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მოითხოვა.

ბანკში მყოფების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, 19 პირი კი ტყვეობაში დარჩა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მძევალი მედიას პერიოდულად ეკონტაქტებოდა. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ბოროტმოქმედმა მძევლების გარკვეული რაოდენობა თავად გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო. სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი თანხაც ბანკში გალდავამ მიიტანა. ამ დროისთვის ყველა მძევალი უსაფრთხოდ არის, თავდამსხმელმა კი მიმალვა შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.  

დღის ამბები