17 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
როგორ მისცემენ ხმას კოვიდინფიცირებულები - ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი გადასატან ყუთთან დაკავშირებით ცესკოს დადგენილებას აპროტესტებს

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ცესკოს იმ დადგენილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც თვითიზოლაციაში, კარანტინსა და ბოქსირებულ განყოფილებებში მყოფი პირები ხმას გადასატანი ყუთების ამოქმედებით მისცემენ. მათი შეფასებით, იზრდება რისკები, რადგან არ არსებობს კონკრეტული სია. ამას გარდა, კრიტიკის ავტორებს აეჭვებთ პროცესის გამჭვირვალობა იმის გათვალისწინებით, რომ რეგისტრაცია ამ ადამიანებმა 24-დან 26-ს ოქტომბრამდე უნდა მოასწრონ. უცნობია იმ პირთა ბედი, რომლებიც იზოლაციაში და კარანტინში 26 ოქტომბრის შემდეგ გადავლენ.

მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერის ანა დოლიძის თქმით, გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა მოუწევს ათი ათასობით ადამიანს და ფაქტობრივად, არ იქნება კონტროლი ხმის მიცემის პროცედურაზე.

"დამკვირვებლებს და კომისიის წევრებს არ ექნებათ ფოტოსურათებიანი სია, ვერ შეძლებენ გამოართვან პირადობის მოწმობა 2-4 მეტრის სიშორიდან, ინფიცირებულ ან თვითიზოლაციაში მყოფ პირს და გადაამოწმონ პირადობის მოწმობა. ეს ნიშნავს, რომ იქმნება შესაძლებლობა, მასობრივად გაყალბდეს არჩევნები საარჩევნო უბნის მიღმა," - აცხადებს ანა დოლიძე.

შეკითხვებზე დეტალურ, საჯარო პასუხებს ითხოვს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან "გაერთიანებული ოპოზიცია- ძალა ერთობაშიაც". თამარ კორძაიას თქმით, იქმნება საფრთხე რომ არჩევნები ვერ ჩატარდება გამჭვირვალედ და სამართლიანად, რადგან საეჭვო გარემოებებს ქმნის თავად დადგენილება, რომელიც სპეცუბნებზე ხმის მიცემას ეხება.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თქმით, აღნიშნულ დადგენილებასთან დაკავშირებით სარჩელი უკვე დაიწერა:

"ეს ერთმნიშვნელოვნად არის გაყალბების მექანიზმი და შესაძლებლობა, ეს არის დოკუმენტი, რომლითაც ქართულ ოცნებას უნდა მინიმუმ 30-50 ათასი ხმა დაიმატოს," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

დღის ამბები