ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდლის ბენ ჰოჯესის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრობისთვის მზადაა, თავდაცვისა დას უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები ეხმაურებიან.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია მუშაობის გააქტიურება NATO-ს წევრ სკეპტიკოს სახელმწიფოებთან. ექსპერტი აქცენტს გერმანიაზე აკეთებს და ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან დახმარების ერთ-ერთი გზა ბერლინის დარწმუნებაც იქნება:
"უნდა გააქტიურდეს საქართველო გაცილებით უფრო მეტად, ათმაგად უფრო მეტად უნდა შეეცადოს, რომ დაარწმუნოს გერმანელები, იმიტომ, რომ ამის გარეშე არაფერი არ გამოვა. მხოლოდ ვაშინგტონში მუშაობას აზრი არ აქვს. ისინი ისედაც მხარს გვიჭერენ. ანუ იმუშაო იმასთან, ვინც წინააღმდეგია, ამაშია საქმეა. თუ რამე არ შევცვალეთ პირველ რიგში ჩვენ, არაფერი შეიცვლება სამწუხაროდ და ისევ გაიწელება დრო. ჩვენ ვხედავთ 12 წელი გავიდა იმის მერე, რაც "მაპი" ვერ მივიღეთ, 12 წელი გავიდა ომიდან და გაყინულები ვართ. უნდა გავაქტიურდეთ ორმხრივ ურთიერთობებში სკეპტიკოს სახელმწიფოებთან, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ბენ ჰოჯესს თუ უნდ,ა რომ დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, 2 გზა არის, ერთი, რომ დაარწმუნოს თავისი მთავრობა, უფრო აქტიურად იმუშაოს ბერლინთან, გერმანელებთან რომლებიც არიან წინააღმდეგი და რომელთაც სიტყვა ეთქმით NATO-ში, ან მეორე, რომ საქართველოში გაიხსნას ამერიკული სამხედრო ბაზა, სხვა შემთხვევაში ამის ხშირად გამეორებას, სამწუხაროდ ბევრი არაფერი აზრი არ აქვს," - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს თანადამფუძნებლის შორენა ლორთქიფანიძის თქმით, საქართველოს თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე გაცილებით ადვილად შეუძლია რეფორმების გატარება იგივე თავდაცვის სფეროში, რაც შედარებით რთულად მიმდინარეობს უკრაინაში და ქვეყანამ ეს შესაძლებლობები უნდა გამოიყენოს.