PCR-ტესტებთან ერთად, საქართველო, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენებასაც დაიწყებს. შესაბამისი ცვლილება სტრატეგიაში ევროკავშირის ქვეყნებმა უკვე შეიტანეს.
ეს და სხვა ცვლილებები დღეს პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მკაცრი რეკომენდაციაა, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია. როგორც ეპიდემიოლოგებმა აღნიშნეს, თუ მოქალაქეების 90% გამოიყენებს პირბადეს ყველგან, ინფექციის გავრცელება 70%-ით შემცირდება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა პრემიერ-მინისტრთან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობის მხრიდან მკაცრად რეკომენდებულია პირბადის ტარება გარე სივრცეებშიც, განსაკუთრებით თავშეყრის ადგილებში და იქ, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია.
"გარე სივრცეში, იქ, სადაც თავშეყრას აქვს ადგილი, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად რიგებში, გაჩერებებზე და ა.შ, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის მკაცრად რეკომენდირებული მთავრობის მხრიდან," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები განიხილეს.
"საქართველოში ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევების ზრდა, ისევე, როგორც მსოფლიოში და ეს ზრდა გაგრძელდება. ხაზი გაესვა მსოფლიო პრაქტიკაზე დაყრდნობით პირბადის ტარებას და დისტანციის დაცვას, რასაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ინფიცირების შემთხვევების მატების შენელებაში. გუშინ მკაცრი რეკომენდაცია გავეცით საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, გარე სივრცეებში პირბადის ტარების შესახებ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს რეკომენდაცია შეასრულონ. ამ მხრივ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს. თუმცა, არის შეუსრულებლობის შემთხვევებიც, ამიტომ, იმისთვის, რომ ინფიცირების გავრცელების შენელება მოხდეს, მაქსიმალურად უნდა ვატაროთ პირბადე არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეებში," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.