17 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება - რა დაპირებები მიიღეს ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებმა პრემიერისგან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს რესურსი ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, შესაბამისად, მეორე ტალღის პერიოდში, როგორც ბიზნესის, ასევე სოციალური მხარდაჭერის პაკეტის შემუშავების დროს მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბიზნესის მიზნობრივი მხარდაჭერის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სტუმარ-მასპინძლობის, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორზე გამახვილდება. გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა 2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე და განაცხადა, რომ კრიზისული პერიოდის მიუხედავად, გარკვეული მიმართულებებით აღდგენის დადებითი ტენდენცია უკვე შეინიშნება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოსტკრიზისული აღდგენის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციები აქვს და ბიზნესს მიმართა, მოემზადონ ახალი ინვესტიციების მოსაზიდად და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, რაშიც მათ სახელმწიფოს განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნებათ. გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა სახელმწიფოს სტრატეგიაზე ვირუსთან ადაპტაციისა და მისი მართვის ეტაპზე, რომელიც წერტილოვან შეზღუდვებს გულისხმობს და აღნიშნა, რომ სისტემური ე.წ. ლოკდაუნი არ იგეგმება:

"როდესაც ვამბობთ, რომ სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება და იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამის ფასი მარტივია - პირბადე უნდა ვატაროთ და ელემენტარული წესები უნდა დავიცვათ, ეს იქნება მაღაზია, რესტორანი, სასტუმრო, ბაზრობა, ტრანსპორტი, საწარმო და კიდევ ბევრი სხვა. ეს არის ყველაზე დიდი, რისი გაკეთებაც თქვენ შეგიძლიათ. ამის იქით არავინ არაფერს გთხოვთ, მაგრამ აქ კომპრომისი არ იქნება. ეკონომიკის ნაწილში 2019 წელი იყო ერთ-ერთი საუკეთესო. 2020 წელი ძალიან კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. შესაბამისად, აღდგენის პროცესი ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მიღმა უკვე დაწყებულია, ექსპორტის ზრდის კარგი ტენდენციებია. საერთოდ, შედარებითი ანალიზის საშუალებით, პოსტკრიზისული აღდგენის ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციები გვაქვს, თუმცა გამოწვევა ბევრი იქნება. არავინ იცის და მიუხედავად იმისა, რომ 8 თვე გავიდა, ვერავინ პროგნოზირებს, როგორი იქნება მეორე ტალღის სიღრმე. სახელმწიფოს რესურსი ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის, შესაბამისად, მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ასოციაციების წარმომადგენლებმაც. სარესტორნო ასოციაციების თავმჯდომარის შოთა ბურჯანაძის თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც შესაბამის საკითხებზე იმუშავებს, მისი თქმით, არსებობს დაპირება, რომ გადაიხედება 22 საათის შემდეგ არსებული შეზღუდვები და ასევე ხელისუფლება სექტორს ბანკებთან ურთიერთობაშიც დაეხმარება, რაც შეეხება დღგ-ს შეღავათს, შოთა ბურჯანაძის თქმით ამასთან დაკავშირებით სავარაუდოდ შეთანხმება ვერ მოხდება.

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებთან, რომელთა შორის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მასში ბიზნესის 25-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

დღის ამბები