ცოტა ხნის წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო პარლამენტში. ოპოზიციის ნაწილი მოახლოებული არჩევნების ლეგიტიმაციას უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მიზეზად პოლიტიკოსები ცესკოს იმ დადგენილებას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც იზოლაციაში, კარანტინსა და კოვიდცენტრებში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთი ამოქმედდება. ამისთვის კი აუცილებელია რეგისტრაცია დღეს დღის ბოლომდე. კამათი ბიუროს სხდომაზე დაიწყო, რომელიც მოგვიანებით სამუშაო კაბინეტშიც გაგრძელდა.
"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის წევრები" უმრავლესობის წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვის გამო არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. უმრავლესობის წევრებმა ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძე პროვოკაციული განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულეს.
ფიზიკური დაპირისპირების მცდელობას ჰქონდა ადგილი პარლამენტის დერეფანში შოთა ხაბარელსა და ლევან გოგიჩაიშვილს შორის, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.