"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა ზუგდიდის რაიონის სოფელ ალერტკარში იმყოფებოდა, სადაც ის ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და მათ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნო.
გიგი უგულავას თქმით, ამ სოფელში არის წყლის პრობლემა და ადამიანებს არ მიეწოდებათ სასმელი წყალი. ასევე არის მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაც ადგილობრივებს უზღუდავს გადაადგილების საშუალებას.
მან ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი მძიმე პრობლემებია "ქართული ოცნების" ხელისუფლების სახე, რომელსაც 31 ოქტომბერს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები.
"რამდენიმე წლის წინ ააშენეს ავზი, აქ ძალიან დიდი პრობლემაა წყლის, მაგრამ მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, ისევე, როგორც თვითონ იმ ავზს არ უნახავს წყალი, იმიტომ, რომ ისე გააკეთეს, რომ წყალი რეალობაში არ არის. დაიხარჯა დიდი ფული, მაგრამ წყალი ისევ არ არის. ამავე დროს ნაწილ სოფელში არის მარტო ცენტრალურად გაკეთებული გზა და უდიდესი ნაწილი ისევ ისეთ მდგომარეობაშია, რომ ოდნავი წვიმის შემთხვევაში სასწრაფოზე ხომ საერთოდ საუბარი ზედმეტია," - განაცხადა გიგი უგულავამ.