თეა წულუკიანი არ არის იურისტი, დიპლომი მას არ აქვს და ძალიან უჭირს იურიდიულ საკითხებში - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დიმიტრ შაშკინი იუსტიციის ყოფილი მინისტრის, "ქართული ოცნების" წევრის თეა წულუკიანის განცხადებას, რომ ოპოზიცია გარკვეული სქემის მიხედვით არჩევნების დღეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას გეგმავს.
"ბოდიში ჟარგონისთვის, მაგრამ ასე უფრო გასაგები იქნება წულუკიანმა რაზე ილაპარაკა რომ გავიგოთ; რამდენიმე თვის განმავლობაში, თავის დიდ უფროსს, ბიძინა ივანიშვილს აბოლებდნენ, რომ არჩევნებს გააყალბებდნენ. საუბნო კომისიებში 12-დან 10 წევრი ჰყავთ დაორგანიზებული, თუმცა ნახეს, რომ ვეტერანებით დაწყებული მაღაროელებით დამთავრებული დაიწყეს გაერთიანება არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომ შეასრულონ თავისი კონსტიტუციური უფლება, დააკვირდნენ და დაიცვან შედეგები.
დაინახეს, რომ ათასობით ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია და გამოხატა სურვილი, რომ უბანზე დააკვირდეს არჩევნებს. ახლა არიან პანიკაში, იმიტომ, რომ ვიღაცამ უნდა მოუყვეს თავის ბატონს, რომ ჩაეშალა გეგმა და არ აქვს მნიშვნელობა, რომ 12 -დან 10 კაცი ყავთ კომისიაში და არავინ მისცემს უფლებას, გააყალბონ, მოიპარონ არჩევნები,"- განაცხადა "დღის კურიერში" ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა დიმიტრი შაშკინმა.
მისივე განცხადებით, პოლიტიკურ პირს, რომელიც კენჭს იყრის, კანონი არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას და არჩევნების მონიტორინგს არ უკრძალავს.
"2014 წელს მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აკვირდებოდა არჩევნებს 2015, 2016, 2017, 2018 წელს და ახლაც დააკვირდება. ჩვენი ორგანიზაცია აკვირდებოდა არჩევნებს უკრაინაში, შუა აზიაში, აზერბაიჯანში.
მე დეპუტატი არ ვარ, მე ვარ კანდიდატი და კანონით მაქვს უფლება, ვიმუშაო როგორც დეპუტატმა და ვიყო არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი,"- აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
შეგახსენებთ, თეა წულუკიანის განცხადებით, არსებობს კონკრეტული სქემა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების ოპონენტები არჩევნების დღეს და ასევე მომდევნო დღეებში გაავრცელებენ ინფორმაციას, რომ პროცესი დარღვევებით ჩატარდა და სხვადასხვა ინსტიტუტებმა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას თავი ვერ გაართვეს.