17 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
თქვენი ეთერითაც ვაფრთხილებ, ხელი არ წაუცდეთ არც ერთი ბიულეტენის გაყალბებაზე, თორემ მიიღებენ ძალიან მკაცრ პასუხს - გიორგი ვაშაძე წულუკიანის განცხადებაზე

"სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დასავლური სტანდარტია, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ჰყავს მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. 

"ქართულმა ოცნებამ" დღეს ეს განცხადება იმიტომ გააკეთა, რომ ისინი მარცხდებიან არჩევნებში. პირდაპირ გეუბნებით, რომ 30-დან 35%-მდე, მაქსიმუმ რაც შეიძლება მათ აიღონ ამ არჩევნებში, შესაბამისად ახლა აქვთ ასეთი განცხადებები. 

სამი მეთოდი აქვთ, პირველი - ეს არის ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც არ არის პარტიებთან აფილირებული, მათ დასკვნებზე წინასწარი იერიში მიიტანონ. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის, კორონავირუსით დააშინონ ხალხი და შეამცირონ აქტივობა და მესამე, რაც დღეს სამტრედიაში ხდებოდა, პირდაპირ ფულით იყიდონ ხმები. 

სამივე ამ კომპონენტზე ჩვენ გვაქვს ძალიან მწყობრი სტრატეგია, როგორ ვუპირისპირდებით ამას. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიახაც არის "სტრატეგია აღმაშენებელთან" აფილირებული ენჯეოები. ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ არამარტო საარჩევნო დაკვირვების, არამედ კორუფციული ფაქტების გამოკვლევის კუთხითაც. 

ლაშა დიაროვი, რომელიც მოიხსენიეს დღეს, არის ორგანიზაციის დამფუძნებელი და ჩვენი ახალგაზრდული ფლანგის ლიდერი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდაა, რომელსაც ბევრი თანამოაზრე ჰყავს შემოკრებილი და დღე და ღამე მუშაობენ იმისთვის, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს,"- განაცხადა "დღის კურიერში" გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განცხადებითვე, დასავლური სტანდარტია, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ჰყავს მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მეშვეობითაც, კონკრეტულ ინტერესჯგუფებთან მუშაობენ. 

"ეს არის წესი და სტანდარტი, რომელიც დემოკრატიულ, ცივილიზებულ სახელმწიფოებში არის, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და დღეს რომ გამოდის ქალბატონი წულუკიანი და გვიყვება, თითქოს რაღაც ახალი მოხდა, მათგან განსხვავებით, რომლებიც ფულით ყიდულობენ ხმებს და ცდილობენ მანიპულაციები მოახდინონ, ჩვენ სხვა სტრატეგია გვაქვს და თქვენი ეთერითაც ვაფრთხილებ, ხელი არ წაუცდეთ არც ერთი ბიულეტენის გაყალბებაზე, თორემ მიიღებენ ძალიან მკაცრ პასუხს ჩვენი მხრიდან,"- განაცხადა "დღის კურიერში" გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, თეა წულუკიანის განცხადებით, არსებობს კონკრეტული სქემა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების ოპონენტები არჩევნების დღეს და ასევე მომდევნო დღეებში გაავრცელებენ ინფორმაციას, რომ პროცესი დარღვევებით ჩატარდა და სხვადასხვა ინსტიტუტმა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას თავი ვერ გაართვა.

დღის ამბები