17 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ქართულმა პოლიციამ იმ დღეს მიიღო კონკრეტული დავალება, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაიღვაროს - გიორგი გახარია ზუგდიდის სპეცოპერაციაზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სპეცოპერაციის შესახებ დასმულ შეკითხვას პასუხობს. პრემიერის განცხადებით, სპეცოპერაციის დღეს პოლიციის მთავარი დავალება იყო, არ დაღვრილიყო არც ერთი წვეთი სისხლი, რაც ყველა ძალოვანმა პირნათლად შეასრულა.

რაც შეეხება პირის, რომელმაც "საქართველოს ბანკში" 43 ადამიანი მძევლად აიყვანა, ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. 

"პოლიციელი და ჯარისკაცი არის ის ფუნდამენტი, რომელზეც საქართველოს და ყველა სხვა სახელმწიფოს და განსაკუთრებით დღეს, საქართველოს სტაბილური და მშვიდი მომავალი დგას. ჩვენი ჯარისკაცები იცავენ მშვიდობას ქვეყანაში, ჩვენი პოლიციელები იცავენ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, ჩვენი შვილების უსაფრთხოებას. როდესაც საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე, ზოგიერთი ტელევიზია ან ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს დააკონვერტიროს პოლიტიკურად ის პრობლემები, რომელიც მიმდინარე პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური. თქვენი შეკითხვის მიზანი პასუხის შინაარსი კი არ არის, პანიკის დათესვაა თქვენი შეკითხვის მიზანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ქართულმა პოლიციამ იმ დღეს მიიღო კონკრეტული დავალება და კონკრეტული დავალება იყო, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაღვაროს და მათ ეს დავალება შეასრულეს პირნათლად. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მათ ეს დავალება შეასრულეს პირნათლად. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ დასრულდება წარმატებით.

მე მინდა მათ სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო, ისევე როგორც თითოეულ სამხედროს, რომელიც უბრალოდ იმიტომ რომ სამ დღეში არჩევნებია, უსამართლო ცილისწამების საგნები გახდნენ. ეს არის ამორალური. მერწმუნეთ, ეს ტოქსიკური 4-5 დღე გაივლის მალე,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია, ოპოზიციის განცხადებებს აფასებს, სახელმწიფოს ჩამოშლის შესახებ.

"ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, უფრო მეტიც, ყველაფერს აკეთებს ამისთვის, მაგრამ ეს უბრალოდ მიუღწევადია, ვერ მოაღწევენ ამას. შესაბამისად, მარტივი პასუხია კითხვაზე. სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც  ჩვენი საერთოა, დღეს როდესაც გლობალური პანდემიაა, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ენერგიას არ იშურებს რომ დარტყმის ქვეშ დააყენოს ეპიდემიოლოგები და ექიმები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე არიან. პარალელურად, იგივე დარტყმებს დღეს აყენებენ პოლიციას, იგივე დარტყმებს აყენებენ ჯარს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

დღის ამბები