დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არჩევნებამდე 4 დღით ადრე წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ. გერმანიის ელჩი ამბობს, რომ დადებითად აფასებს ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობის შემცირებას.
"ყველა საელჩო საქართველოში, ისევე, როგორც გერმანიის საელჩო, აქტიურად აკვირდება გარემოს, რომელშიც არჩევნები უნდა ჩატარდეს. მოხარული ვარ, რომ ძალადობრივი ინციდენტები, როგორც ჩანს, შემცირდა მოცემული მომენტისთვის, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ბევრი ცნობა საარჩევნო გარემოს სხვადასხვა ასპექტზე, რომელიც შევაგროვეთ და რომლებიც, ზოგჯერ, რთული შესაფასებელია. ჩვენ ჩვენს შეფასებას არჩევნების შემდეგ გავაკეთებთ ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად," - აცხადებს გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.
საკითხზე კომენტარი გააკეთა საქართველოშ შვეიცარიის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმაც, პატრიკ ფრანცენი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნებზე აქტივობა მაღალი იქნება და ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ გადაწყვიტონ ვინ იქნება ქვეყნის მომავალი ხელისუფალი:
"საქართველოში არჩევნების დღე ახლოვდება და ჩვენ ველით, რომ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანიის ყველა მონაწილე თავს შეიკავებს ძალადობისგან და არჩევნებზე იქნება სამართლიანი კონკურენცია ყველა პარტიას შორის. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ ვიხილავთ შედარებით მაღალ აქტივობას და ამომრჩევლები შეძლებენ თავისი აზრის დაფიქსირებას და შესაძლებლობა ექნებათ გადაწყვიტონ თუ ვინ იქნება ქვეყნის მომავალი ხელისუფალი. შვეიცარია საარჩევნო პროცესს აქტიურად დააკვირდება, მათ შორის არჩევნების დღეს,"- განაცხადა პატრიკ ფრანცენმა.