პოლიტიკურ მოძრაობა "ტრიბუნაში" საარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ. ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლია მუხაშავრიას თქმით, "ქართული ოცნება" საგანმანათლებლო დაწესებულებებში დახურულ, გასაიდუმლებულ შეხვედრებს მართავს.
მუხაშავრია ამბობს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებს აიძულებენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ იმუშაონ, აქტიურად არიან ჩართულები პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც არალეგალურია.
ის, ასევე, მიმართავს განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, თუ ეს ყოველივე მისი განკარგულებით არ ხდება, გასცეს განკარგულება, რათა შეწყდეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პოლიტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობა და საარჩევნო კამპანიაში ჩართვა.
"ქართული ოცნების" წარმომადგენელი გახლავთ მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ატარებს ე.წ. დახურულ, გასაიდუმლოებულ შეხვედრებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამ ოლქში მდებარე სკოლებსა და საბავშვო ბაღებში და ამ დაწესებულებების პერსონალი, მასწავლებლები, საბავშვო ბაღის მზარეული, აღმზრდელი, ძიძა, ყველა ვალდებულია იაროს კარდაკარ და ამომრჩევლებს დაბეჯითებით უთხრან, რომ მათ უნდა შემოხაზონ მხოლოდ 41,"-განაცხადა ლია მუხაშავრიამ.
ბრალდებებს მმართველი გუნდიდან გია ვოლსკი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი ზეწოლა "ქართული ოცნების" ხელწერა არ არის.
"მუხაშავრია, რომელიც არის ადამიანი, რომელსაც თითქოსდა არ უნდა ჰქონდეს ობიექტური შეფასების უნარი დაკარგული, ძალაუნებურად შეურაცხყოფას აყენებს ნებისმიერ ადამიანს, თუკი მას ჰგონია, რომ ზეწოლა ადამიანზე განაპირობებს მის ისეთ დაფრთხობას, რომ შეუძლია მას თავისი მოსაზრება შეცვალოს და შემოხაზოს სხვა პარტია იმ შემთხვევაში, თუ სულ სხვა პარტიას უჭერს მხარს. ეს არ არის "ქართული ოცნების" ხელწერა და არც ჩვენი საზოგადოება იმსახურებს ასეთ მდარე შეფასებას,"-განაცხადა გია ვოლსკიმ.