თეა წულუკიანის განცხადებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პასუხობენ, რომლებიც დღეს ყოფილმა მინისტრმა ბრიფინგზე ახსენა. წულუკიანმა ის სადამკვირვებლო ორგანიზაციები წარმოადგინა, რომელიც, მისი ინფორმაციით, ოპოზიციურ პარტიებთან არიან კავშირში. თეა წულუკიანის ბრალდების ადრესატი 32 ორგანიზაცია და 4 პარტიაა.
ერთ-ერთი მათგანი სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ია. ორგანიზაციის თავმჯდომარე, ვასო ურუშაძე პოლიტიკურ პარტიებთან ყოველგვარ კავშირს გამორიცხავს. ის ამბობს, რომ ნაცნობობა აკავშირებს როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის წევრებთან.
"მე ძალიან ბევრ პოლიტიკურ ლიდერთან ვმეგობრობ, მათ შორის, ეს ლიდერები დღეს არიან მმართველ პარტიაში და არიან სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიაშიც. თუმცა, ჩვენი საქმიანობა და ჩვენი ამოცანა, რომელიც ასევე მხარდაჭერილია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, არის, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ პირობებში,“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
თეა წულუკიანის განცხადებებს უპასუხა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” წევრმა, ელენე ოზაშვილმა.
"ჩვენ ვთანამშრომლობთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც არიან პროდასავლურები, ისინი დააკვირდებიან არჩევნებს და დემოკრატიულად წარმართავენ პროცესებს. ნეიტრალურები ვართ, რა თქმა უნდა. დამკვირვებელ ორგანიზაციებში არიან ადამიანები, რომლებიც არიან ჩვეულებრივი სამოქალაქო აქტივისტები. ვახსენებთ კიდევ ერთხელ ქალბატონ თეას, რომ მოიკითხოს "ქართულ ოცნებაში" მათთან დაახლოებული პირები, მათი არასამთავრობო ორგანიზაციები, რამდენად არიან ჩართულები, ფინანსდებიან პირადად მათი ხელისუფლების მიერ და არიან მათი ინტერესების გამტარებლები,“ - განაცხადა ელენე ოზაშვილმა.