ბოლო რვა დღის განმავლობაში "რუსთავი 2-მა" ბრიტანული კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ორჯერ გაასაჯაროვა. ორივე შემთხვევაში პარტიული რეიტინგები გამოქვეყნდა.
მონაცემების მიხედვით, მცირე ცვლილებებია ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებით. თუკი ერთი კვირის წინ გამოქვეყნებულ კვლევაში "ნაციონალურ მოძრაობას" 19,8 % ჰქონდა, ბოლო კვლევაში მათ გამოკითხული ამომრჩევლის 22% უჭერს მხარს. დაახლოებით ერთი პროცენტით შემცირდა "ევროპული საქართველოს" მხარდაჭერა და ახლა პარტიას 4% აქვს. დეპუტატები საპარლამენტო ოპოზიციიდან ამბობენ, რომ მონაცემები რეალურ სურათს არ ასახავს.
კომპანია Survation-ის კვლევებზე უკეთეს შედეგს ელის მმართველი გუნდიც. "რუსთავი 2-ის" მიერ დაკვეთით ბრიტანულმა კომპანიამ ამჯერად 1210 რესპონდენტი გამოკითხა 16-დან 20 ოქტომბრამდე პერიოდში. კვლევის მიხდვით მონაცემები ასე გადანაწილდა: "ქართულ ოცნებას" - 55%, "ნაციონალურ მოძრაობას" - 22%, "სტრატეგია აღმაშენებელს" - 5%, "ლელოს" - 4%, "ევროპული საქართველოს" - 4%, "პატრიოტთა ალიანსს" - 3%, "გირჩს" და "ლეიბორისტულ პარტიას" კი 2-2%.
კვლევაში ასახულ დაბალ პროცენტულ მაჩვენებლებს არ ეთანხმებიან არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.