საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თბილისის მერიაში შესული წერილის თანახმად, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების დღეს პარლამენტის შენობის წინ მრავალათასიან აქციას გეგმავს.
"მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია "ნაცმოძრაობის" მიერ დაგეგმილი კიდევ ერთი მავნებლობის შესახებ, რომელიც, არჩევნების ნაცვლად, აქციებისთვის და არეულობისთვის ემზადება - ეს არ არის სიახლე ქართული საზოგადოებისთვის.
ჩვენი ინფორმაციით, თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც ისინი არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12 საათიდან იკრიბებიან. ხაზს ვუსვამ - არჩევნების დღეს. როგორც ჩანს სრული რესურსის მობილიზაციას ამ მიმართულებით და არა საარჩევნო მიმართულებით აპირებენ და აანონსებენ მრავალათასიანი აქციის ჩატარებას.
ეს ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის სასოწარკვეთილების პიკში. მათ ზუსტად იციან, რომ დემოკრატიულ არჩევნებში რაიმე სახის წარმატების შანსი არ გააჩნიათ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ "ნაციონალური მოძრაობის" მავნებლურ ზრახვებსა და პროვოკაციულ ქმედებებს ღირსეული პასუხი გასცეს.
""ნაციონალური მოძრაობა" ფსონს სიტუაციის რადიკალიზაციაზე, არეულობის შექმნაზე აკეთებს და სრული რესურსით ქვეყნის მთავარ გამზირზე იკრიბება.
მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მათ მორიგ მავნებლურ ზრახვებს, ამ უკიდურესად პროვოკაციულ ქმედებას კიდევ ერთხელ გასცეს ღირსეული პასუხი.
სწორედ ამიტომ, ყველა ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ საჭიროა საქართველოს წინსვლა, კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარების გაგრძელება; ვინც ფიქრობს, რომ საჭიროა 2024 წელს ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი გააკეთოს, მომდევნო წლებში კი სრულფასოვანი ინტეგრირება და მოქალაქეებისათვის უკეთესი ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა შევძლოთ, აუცილებელია, უარი ვუთხრათ რევანშს, დესტრუქციას, მივიდეთ არჩევნებზე და ერთად დავუჭიროთ მხარი წარმატებულ საქართველოს," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.