17 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
ლოკდაუნის გამოცხადებისა რა გითხრათ, მაგრამ ნოკაუტში მართლაც ჩავარდებიან - გიორგი გუგავა

არჩევნების შემდეგ კორონავირუსის გამო ქვეყანაში ლოკდაუნის მოსალოდნელ გამოცხადებას ოპოზიცია პროტესტის ჩახშობის მცდელობად აფასებს.

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას განცხადებით, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დასარჩენად კოვიდინფიცირებულთა რიცხვებით მანიპულირებს და ამ მიზნითვე აპირებს ქვეყნის ჩაკეტვას:

"ხელისუფლება ისეთ დარტყმას მიიღებს არჩევნებზე, ლოკდაუნის გამოცხადებისა რა გითხრათ, მაგრამ ნოკაუტში მართლაც ჩავარდებიან. ეს ერთ-ერთ ვერსიად აქვთ, სწორედ ამიტომ მანიპულირებენ ისინი კოვიდინფიცირებულთა რიცხვებით, რომ არჩევნების შემდგომ ჩაკეტონ ქვეყანა, გაინაღდონ შედეგები და დარჩნენ ხელისუფლებაში," - აცხადებს გიორგი გუგავა.

"სტრატეგია აღმაშენებელის" წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით, ქართული ოცნებისგან ლოკდაუნი გამორიცხული არაა, რადგან ყველა კვლევები აჩვენებს, რომ ხელისუფლება არჩევნებს აგებს :

"შეეცდებიან, ჩაკეტონ ადამიანების პროტესტის ყველანაირი სივრცე და საშუალება,"- ამბობს პაატა მანჯგალაძე, მისი თქმით, ქართველი ხალხის გამარჯვებას ვერანაირი ჩაკეტვა ვერ დაუდგება წინ.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა ამბობს, რომ ხელისუფლების მცდელობა მანიპულაციების საშუალებით არჩევნებში 50%-ზე მეტი მიიღოს, 2003 წლის მცდელობის მსგავსად დასრულდება

"თუ "ქართული ოცნება" გამოაცხადებს არჩევნების შედეგებში 50%-ზე მეტს, რასაც, ალბათ, არავის მხრიდან არ ექნება ლეგიტიმაცია და ამას დაემატება ლოკდაუნი, ეს შეიძლება გახდეს აუცილებელი და საკმარისი პირობა, რომ ამ არჩევნების შედეგები არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ არ იქნეს აღიარებული," - განაცხადა კახა კუკავამ.

მისი თქმით, მცდელობა, რომ ხელისუფლებამ მანიპულაციების საშუალებით მიიღოს 50%-ზე მეტი, დასრულდება ისე, როგორც დასრულდა 2003 წელს.

დღის ამბები