17 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
3 დღეში ეს მთავრობა შეიცვლება, ამ მთავრობას არ აქვს არც ლოკდაუნის გამოცხადების შესაძლებლობა - დიმიტრი შაშკინი

გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება ეპიდვითარებას იმისთვის, რომ არჩევნების საბოლოო შედეგზე საზოგადოებას პროტესტი არ ჰქონდეს - "ევროპული საქართველო" დარწმუნებულია, რომ პროტესტის გასანეიტრალებლად ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები დაწესდება.

"ევროპული საქართველოს" პოზიციას ოპოზიციური პარტიების ნაწილი იზიარებს, ნაწილი კი - არა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ გამოცხადდება თუ არა ქვეყანაში ხელმეორედ ლოკდაუნი - ეს 31 ოქტომბრის შემდეგ არსებულ ხელისუფლებაზე დამოკიდებული არ იქნება, ვინაიდან "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებს წააგებს.

"3 დღეში ეს მთავრობა შეიცვლება. ამ მთავრობას არა აქვს არც ლოკდაუნის გამოცხადების შესაძლებლობა, არც უნარი ამ პრობლემების მოგვარების. ძალაუფლების წყარო არის ხალხი. ზუსტად 3 დღეში ხალხი ამ მთავრობას, რომელიც თვლის, რომ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება - ეს არის ძალადობა, გაუშვებს სახლში," - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დიმიტრი შაშკინი.

რაც შეეხება "ლელოსა" და ასევე "ერთიანი საქართველო - დემოკრატიულ მოძრაობას", არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ხელისუფლება ამ სცენარით წავიდეს, თუმცა ამისთვის მზად უნდა იყვნენ. 

"არჩევნების შემდგომ უკვე ჩვენ ავიღებთ ვითარებას კონტროლზე, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ არანაირი ლოკდაუნი და ისეთი ღონისძიება, რომელიც შეუფერებელი იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, არ განხორციელდება, მაგრამ ამ წუთას ამაზე მსჯელობა, მე ვფიქრობ, რომ არის უადგილო და ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული არჩევნების დღეზე და მაქსიმალურად ჩვენი ამომრჩევლების მობილიზაციაზე," - აცხადებს პარლამენტის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" ბადრი ჯაფარიძე.

ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ თუ მსგავსი პროცესები მართლა განვითარდება და საქართველოს რეგიონებისა და ქალაქების ნაწილი ხელმეორედ ჩაიკეტება, მაშინ ეს დარტყმა პირველ რიგში მმართველი პარტიისთვის იქნება.

"არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ სცადოს ქვეყნის ჩაკეტვა და ლოკდაუნი გამოაცხადოს, მაგრამ თუ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს და მას თუ ჰგონია, რომ ამით ადამიანების რისხვას გააჩერებს - ძალიან ცდება. მათი დღეები დათვლილია და ეს იქნება ორი დღე, სამი კვირა თუ ორი თვე - ეს არ ვიცი. ვერაფერს თავიდან ვერ აიცილებს, თუ არჩევნები გააყალბა," - განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები