17 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
"მიუღებელია დამაკნინებელი შეფასებების გავრცელება მთლიანად ჯარზე" - პრეზიდენტი მნიშვნელოვან ინსტიტუციებზე განხორციელებულ შეტევებზე საუბრობს

არჩევნებამდე სამი დღით ადრე საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, შეტევა ხორციელდება ინსტიტუტებსა და პიროვნებებზე, ვისაც საზოგადოება ენდობა - ჯარზე, სამართალდამცველებსა და ჯანდაცვის წარმომადგენლებზე. 

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ერთი პირის გამო წარმოუდგენელია, დანაშაულის მთელ ჯარზე გავრცობა

"მიუღებელია დამაკნინებელი და მადისკრედიტირებელი შეფასებების გავრცელება მთლიანად ჯარზე. მით უფრო, ქვეყანაში რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რომელიც ისწრაფვის ნატოსკენ; ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები პირდაპირ უთხრის ძირს ქვეყნის ინტერესებს,  და ემსახურება დესტაბილიზაციას თუ უცხო ინტერესებს," - წერს სალომე ზურაბიშვილი და აღნიშნავს, რომ მსგავს მცდელობებს კატეგორიულად გმობს. 

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა სამართალდამცველების დისკრედიტაციის მცდელობა :

"როგორც პრეზიდენტმა, მინდა კატეგორიულად დავგმო ის მიზანმიმართული მცდელობა, რომელიც საზოგადოების თვალში ჩვენი სამართლდამცავების პროფესიონალიზმის შელახვას ემსახურება და საბოლოოდ კი ძირს უთხრის შიდა სტაბილურობას. მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო წარმატებული ოპერაციის ჩატარებისთვის, რომელმაც გადაარჩინა ყველა მძევლის სიცოცხლე, და ამ ოპერაციის მეთაურს საჯაროდ ვუთხრა მადლობა!

ჯანდაცვის სფეროზე  - მისი ყველაზე ცნობილი და დაფასებული წარმომადგენლების ლანძღვა და დისკრედიტაციის მცდელობა კი ემსახურება  მათი ავტორიტეტის შელახვას და საზოგადოებაში ნდობის ფაქტორის შესუსტებას. იმ ნდობის, რომელიც პირველ ეტაპზე ჩვენი წარმატების მთავარი ფაქტორი იყო.  ჩვენ გვჭირდება, რომ გვქონდეს ნდობა ქვეყნის შიგნით და გარეთ, რათა შევძლოთ ამ პროცესის ეფექტიანი მართვა, გავაღრმაოთ ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობები - იქნება ეს ვაქცინისა თუ სხვა საჭირო მედიკამენტების მიღება.

როგორც პრეზიდენტმა არ შემიძლია, არ დავაფასო ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, ხშირად  საკუთარი ჯანმრთელობის ფასად გაწეული, მათი უდიდესი დამსახურება. მინდა გამოვხატო ჩემი და საზოგადოების მადლიერება ეპიდემიოლოგების, ექიმების, ექთნებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ფრონტის წინა ხაზზე, უხილავი მტრის წინააღმდეგ, დაუღალავად იბრძოდა და იბრძვის. ასევე მინდა ვისარგებლო და პატივი მივაგო იმ  ადამიანებს, რომლებმაც სხვების გადარჩენას შესწირეს თავი," - აღნიშნავს პრეზიდენტი.

მისი შეფასებით, ეს შეტევები ემსახურება ქვეყანაში არასტაბილურობის განცდის შექმნას, შიშის და პანიკის გავრცელებას და დაძაბულობის გაღვივებას წინასაარჩევნო პერიოდში.

"ჩვენი ერთობლივი მოვალეობაა, კარგად გავიაზროთ, თუ რა გამოწვევებთან გვაქვს საქმე:

- საქართველო ამ რეგიონში ყველაზე სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყნად რჩება. ეს სტატუსი უნდა შევინარჩუნოთ და გავამყაროთ. რეგიონში  არსებული კონფლიქტიდან გამომდინარე, ჩვენი სტაბილურობა ჩვენთვის,  მთლიანად რეგიონისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ასევე, ჩვენი დემოკრატიული განვითარების გზაზე  გამჭვირვალედ, მშვიდად და სამართლიანად ჩატარებული  არჩევნები კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება;

-  მიუხედავად კოვიდის გამოწვევისა, მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ, რეკომენდირებული უსაფრთხოების ნორმების  სრული დაცვით, ვაჩვენოთ ყველას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების კიდევ ერთი მაგალითი.

ამდენად, ჩვენი მისვლა არჩევნებზე  ყველა არსებულ გამოწვევაზე საუკეთესო პასუხი და ჩვენი ხვალინდელი დღის უალტერნატივო გარანტიაა. ეს თითოეული მოქალაქის ვალია - თქვენი, ჩემი.

და ბოლოს, მინდა  მივულოცო, მათ ვინც პირველად მიდის არჩევნებზე, პირველად მიიღებს მონაწილეობას სახელმწიფოს განვითარებაში  და საკუთარი ქვეყნის მომავალს ამით განსაზღვრავს.

წადით არჩევნებზე, წადით მშვიდ, სამართლიან არჩევნებზე!" - წერს საქართველოს პრეზიდენტი. 

დღის ამბები