17 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
ერთად უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ კოვიდის პირობებში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შეგვიძლია - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის დაწყებამდე მოახლოებულ არჩევნებსა და პანდემიაზე ისაუბრა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სხვადასხვა პოლიტიკური მოთამაშეები შექმნილი ვითარების პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოყენებას ცდილობენ. მან მოქალაქეებს წესებისა და რეგულაცაიების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული ეპიდემიოლოგების მიერ დადგენილი წესები. 

"სამწუხაროდ, ინფიცირების შემთხვევები იზრდება. თუმცა ამავე დროს, ყველას მოგვეხსენება, რომ ვიმყოფებით წინასაარჩევნო პროცესში, სულ რამდენიმე დღეში არჩევნები გვაქვს და სამწუხაროდ, ყველანი ვხედავთ, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ეპიდემიასაც პოლიტიკური ინტერესების ჭრილში ცდილობენ, გამოიყენონ. მე მინდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდო უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ. მოდით ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ერთად დავიცვათ წესები და ერთად მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, ვატაროთ პირბადე.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი გზა ნაკლები შეზღუდვებისკენ, წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი ბალანსი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის და მინიმალური ზიანის მიყენების ეკონომიკისთვის.

მინდა გითხრათ, რომ ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული ის წესები, რომელიც ეპიდემიოლოგების მიერ იყო დადგენილი და ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავანახოთ მსოფლიოს, კოვიდის პირობებში, ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული, ღია არჩევნების ჩატარება როგორ შეგვიძლია აქ, საქართველოში,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები