საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, ხვალ არჩევნებს სამი ტიპის დამკვირვებელი დააკვირდება. ერთ-ერთია პერიმეტრის დამკვირვებელი, რომლებიც 25 მეტრიან დისტანციას გააკონტროლებენ.
"ჩვენ გვყავს სამი ტიპის დამკვირვებელი, დამკვირვებლები, რომლებიც მობილური ჯგუფების მეშვეობით გადაადგილდებიან სხვადასხვა უბანზე, ასევე ისინი, ვინც უბანს სტაციონარულად აკვირდებიან და მესამეა პერიმეტრის დამკვირვებელი, რომლებიც 25 მეტრიან დისტანციას გააკონტროლებენ.
დიდი და მნიშვნელოვანი პროცესები კენჭისყრის დღეს ხდება არა მხოლოდ უბანში, ასევე უბნის გარეთ, ეს არის გარკვეული ჯგუფების თავმოყრა, ორგანიზება, კოორდინატორების, სპორტსმენებისა თუ რაღაც კრიმინალური გაერთიანებების. ეს ყოველივე კი, ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, ცხადია, გავლენას ახდენს. 25 მეტრზე ყველა შეთანხმდა და თქვა, რომ ეს ნამდვილად არის პრობლემა. ანუ, უბნის მიღმა რაღაც ისეთი ხდება, რაც არ ჯდება ბოლომდე სამართლიან პირობასთან. 25 მეტრიანი ბარიერი პრობლემებს არ ხსნის, მაგრამ აქ მთავარია, თუ როგორ მიუდგებიან პოლიტიკური პარტიები ამ რეგულაციას.
ჩვენი კოორდინატორები ყველგან არიან წარმოდგენილები, რომლებიც ოფისებს ხელმძღვანელობენ და კენჭისყრის პროცესში მათ შეეძლებათ, რომ მოგვმართონ თუ ასეთ პრობლემებს ნახავენ. უფრო მეტიც, ჩვენი დამკვირვებლების ნაწილი, რომლებიც 100-ზე მეტია, განახორციელებენ გარე პერიმეტრის დაკვირვებას," - განაცხადა სულხან სალაძემ.