"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის მხრიდან რამდენიმე ოლქში სიტუაციის დაძაბვა იგეგმება, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე გამოეხმაურა და ირაკლი კობახიძეს პოლიტიკური გვამი უწოდა.
"ყველაზე დიდი ელექტროშოკი, თუკი ვინმე არსებობს ქართულ პოლიტიკაში, ეს არის პოლიტიკური გვამი, არაადეკვატური ირაკლი კობახიძე, რომელიც ისეთ აგონიაშია, რას ამბობს, წარმოდგენაც არ აქვს. ამიტომ, 31 ოქტომბერს ეს ელექტროშოკი, "ოტოშნიკი" ირაკლი კობახიძე, ძალიან მშვიდად, ექსცესების გარეშე, საარჩევნო ყუთებთან ბიულეტენებით უნდა გავიტანოთ ქართული პოლიტიკიდან," - აცხადებს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებით კი, ისეთი ძალის მიერ, როგორიც არის "ნაციონალური მოძრაობა", გამორიცხული არ არის ნებისმიერი სახის პროვოკაცია.
"გამორიცხული არ არის ნებისმიერი სახის პროვოკაცია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ისე, როგორც ეს განვლილი პერიოდი, ასევე ხვალაც, მშვიდ ვითარებაში ჩაივლის არჩევნები და არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ რაიმე პროვოკაციები მოაწყოს,"- აღნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში.