საზღვარგარეთ, გარკვეულ ქვეყნებსა და ქალაქში საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის შეფერხებას ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან. მათი განცხადებით, ზოგიერთი საკონსულო მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში არ ეხმარება.
"უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეები გვაცნობებენ, რომ ბარსა და სალონიკში საკონსულო არ ეხმარება მოქალაქეებს, პირიქით, ხელს უშლის, რომ მათ ისარგებლონ საარჩევნო ხმის უფლებით. მოტივი არის ის, რომ საარჩევნო უბანზე ბევრი ადამიანის კონცენტრაცია არ არის მიზანშეწონილი პანდემიიდან გამომდინარე, თუმცა არც ერთ ამ სახელმწიფოში ჯერ "ლოქდაუნი" არ გამოცხადებულა," - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გაერთიანებული ოპოზიციის "ენმ - ძალა ერთობაშია" წევრმა თამარ კორძაიამ.
"სამწუხაროდ, მილიონზე მეტი ადამიანი, ჩვენი მოქალაქე, რომელიც უცხოეთშია ვერ მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ონლაინარჩევნები, რომელიც აიდი ბარათებით უნდა გაკეთებულიყო, არ გააკეთა "ქართულმა ოცნებამ". ჩვენ აუცილებლად ამას გავაკეთებთ მომავალში, რომ მათ ყოველთვის მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის განვითარების პროცესში," - აღნიშნა პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის ქვეყნებთან თანამშრომლობს და ყველა გადაწყვეტილება კონკრეტულ ქვეყნებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნება შესაბამის სახელმწიფოებთან თანამშრომლობის საფუძველზე.