ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, იმ ოლქებში, სადაც მისი თქმით, გარკვეული სახის არეულობები იგეგმება, ხელისუფლების ოპონენტების მიერ საპირისპირო განცხადებები გაკეთდა. ერთ-ერთი ასეთი ოლქი იყო მარნეული, სადაც ოპოზიციის ლიდერი ამტკიცებს, რომ მსგავსი გეგმა არა მათ გუნდში, არამედ უმრავლესობაში განიხილება.
"ქართული ოცნება" მარნეულის მუნიციპალიტეტში ინციდენტებს გეგმავს, ოპოზიცია კი არაფერ მსგავსს არ გეგმავს, რადგანაც ჩვენი გეგმაა მშვიდად მოვიდეთ ხელისუფლებაში," - აღნიშნავს პარლამენტის მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”ევროპული საქართველოდან" ახმედ იმამკულიევი.
მარნეულის "ქართული ოცნების" წარმომადგენლები კი არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიცია მსგავს პროვოკაციებს მართლაც გეგმავდეს.
"ხვალისთვისაც ველოდებით პროვოკაციებს, მაგრამ ყველა ჩვენმა მხარდამჭერმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გვაქვს ეს არჩევნები მოგებული და ამიტომ, იციან მათ, რომ არ უნდა აჰყვნენ პროვოკაციებს. ხვალ ჩვენ დიდი უპირატესობით ვიმარჯვებთ," - აცხადებს პარლამენტის მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან" ზაურ დარგალი.