ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან, თუმცა არჩევნების სხვა ქვეყნებში სრულყოფილად ჩატარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პანდემიის გამო იქ არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და დაწესებულ შეზღუდვებზე. COVID-19-მა ორ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლება წაართვა.
კორონავირუსის გამო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ აზერბაიჯანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, საბერძნეთში კი უბნები მხოლოდ ათენში გაიხსნება, გაუქმებულია სალონიკის ორი უბანი. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კიდევ ერთი ქვეყანა.
საერთო ჯამში, საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩვენი მოქალაქეები ხმას 38 ქვეყანაში მისცემენ, სადაც სულ 52 საარჩევნო უბანია გახსნილი.
საზღვარგარეთ უბნების დახურვაზე დღეს პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საკონსულოები ადგილზე საქართველოს მოქალაქეების სათანადო დახმარებას ვერ უზრუნველყოფენ, რის გამოც მათ კონსტიტუციური უფლების გამოყენებაში ხელი ეშლებათ.