საიას ხელმძღვანელის განცხადებით, ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს.
სულხან სალაძის განცხადებით, ძირითადად დარღვევები კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლს და დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას ეხება.
"დღის 18:00 საათისათვის საიას დამკვირვებლების მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს. ძირითადად დარღვევები ეხება ამომრჩევლის ნების კონტროლს, მარტივად რომ ვთქვათ ტენდენცია და ტრადიცია გრძელდება.
ზოგ უბანში შეინიშნება საეჭვო პირების მობილიზება საარჩევნო უბნებზე, ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს ძალადობრივ ქმედებებს. ჯამში 64 საჩივარი დაიწერა, აქედან 37 უბნის, ხოლო 27 ოლქის დონეზე.
სამტრედიაში 51-ე უბანზე და თელავის 5-ე უბანზე საიას დამკვირვებლები უსაფუძვლოდ გამოაძევეს უბნიდან. ორივე შემთხვევაში დაიწერა საჩივარი.
სამტრედიაში 95-ე უბანზე საიას დამკვირვებელს არ მიეცა შესაძლებლობა გასცნობოდა ჩანაწერთა წიგნში არსებულ ინფორმაციას და შენიშვნა დაეწერა.
საგარეჯოში 42-ე უბანზე გრძელდება ხმის მიცემის დარღვევის ფაქტები, როდესაც ერთი და იმავე პირი შედის ამომრჩეველთან ერთად კაბინაში და მათ ნაცვლად აძლევს ხმას.
ფაქტზე საიამ საჩივარი დაწერა. დუშეთში ინიშნავენ მოსული ამომრჩევლების მონაცემებს ესეც დარღვევა და ეს მავნე ტრადიცია ჩვენ წინა არჩევნებზეც ვნახეთ.
გლდანის 79-ე და 84-ე უბნებში დაფიქსირდა გარე პერიმეტრზე ამომრჩევლის ნების კონტროლი. რუსთავშიც მობილიზებულები არიან კოორდინატორები.
მარნეულში მარკირებული ამომრჩეველი მეორედ შევიდა არჩევნებზე და ორჯერ მისცა ხმა.
ფარულობის პრინციპი დაირღვა მარნეულის მე- 10-ე უბანზე,"- განაცხადა სულხან სალაძემ.