17 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
ამერიკის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა - აშშ-ს საელჩო

აშშ-ის საელჩო მიესალმება ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებზე და "კოვიდ-19" პანდემიის დროსაც კი, ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიისადმი გამოვლენილ ერთგულებას. ქვეყნის მასშტაბით ათასობით პასუხისმგებლიანი საარჩევნო მუშაკი და პროფესიონალი სადამკვირვებლო ჯგუფები იმსახურებენ დაფასებასა და მადლიერებას საარჩევნო ყუთებთან ამომრჩეველთა ხმის გამოხატვის უფლების მხარდასაჭერად გაწეული სამუშაოსთვის.

ამერიკის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ "საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა". ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას გაითვალისწინოს აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი არჩევნებისას. საარჩევნო პროცესის ხელყოფის ეს მცდელობები: ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ამომრჩევლებისა და პარტიების მიერ არსებული სამართლებრივი პროცედურების გამოყენებას არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების წარსადგენად. მნიშვნელოვანია, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დასაბუთებული დარღვევის მიუკერძოებელი გამოძიება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჩივრებზე რეაგირება. სარწმუნო საჩივრების სამართლიანად, გამჭვირვალედ და დროულად გადაწყვეტა მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს ნდობა არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის მიმართ.

შეერთებული შტატები გააგრძელებს არჩევნების მიმდინარეობაზე ყურადღებით დაკვირვებას, მათ შორის, საჩივრების განხილვაზე, აპელაციის პროცესსა და მომდევნო რაუნდის კამპანიაზე. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მოთმინება, რათა პროცესი წარიმართოს წყნარად, მშვიდობიანად და პატივისცემით, საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შესაბამისობაში. ყველა მხარე ვალდებულია უზრუნველყოს საარჩევნო კოდექსის იმპლემენტაცია და აღსრულება.

ამ არჩევნების წინა პერიოდში მიღებულ რეფორმებში გათვალისწინებული იყო წინა არჩევნებზე დაფიქსირებული ზოგიერთი ხარვეზი. ჩვენ მოვუწოდებთ მომდევნო მოწვევის პარლამენტს, გაატაროს დამატებითი რეფორმები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც აღნიშნულია ოდირის საარჩევნო შეფასებებში. როგორც ყოველთვის, შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას, გააუმჯობესოს საარჩევნო პროცესი და ააშენოს უფრო ძლიერი დემოკრატია,- ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში. 

დღის ამბები