საქართველოს პარტნიორი ქვეყნები და პოლიტიკური ლიდერები "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას უკვე ულოცავენ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არჩევნებში გამარჯვება არავისთვის მიულოცია, თუმცა ხაზგასმით აღინიშნა, რომ არჩევნები დემოკრატიული ფასეულობების დაცვით ჩატარდა. ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან დემოკრატიულ ეტაპად შეაფასა 31 ოქტომბერი ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის მეთაურმა ფილიპ ბრიდლოვმა.
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აქტიურად აშუქებს საერთაშორისო მედიაც. "ბლუმბერგი", "დოიჩე ველე", "ფაინენშელ თაიმსი", "ალ-ჯაზირა", "ესოშიეითედ პრესი" და სხვა გამოცემები ცესკოს მიერ გამოცხადებულ წინასწარ შედეგებს აქვეყნებენ. მედია წერს, რომ ეგზიტპოლების გამოცხადებისთანავე მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ გამარჯვება იზეიმეს. თუმცა, მოგვიანებით ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხმათა ძირითადი ნაწილი "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა. საერთაშორისო მედია აღნიშნავს, რომ ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო ბიულეტენები ჯერ სრულად არ დაუთვლია, თუმცა საქართველოს მთავრობა პირველ მილოცვებს პარტნიორი ქვეყნებისგან უკვე იღებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას "ქართული ოცნების" გამარჯვება ტელეფონით მიულოცა.
ამერიკელი გენერალი "ტვიტერზე" წერს, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობას მიენიჭა მანდატი, რომ აშშ-ს, "ნატოსა" და დასავლეთის მოკავშირეებთან კავშირი გააძლიეროს.
კონკურენტუნარიანი უწოდა 31 ოქტომბრის არჩევნებს ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ ინციდენტებსა და დარღვევებს, საბოლოო ჯამში, არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების დაცვით ჩატარდა.
პარლამენტში ცხრამდე პარტია იქნება, რაც ახალი საარჩევნო რეფორმის წარმატებას ადასტურებს - ეს განცხადება კი ბუნდესტაგის დეპუტატ აქსელ ფიშერს ეკუთვნის. დეპუტატი ფეისბუკზე წერს, რომ ამომრჩეველმა "ქართული ოცნების" საპარლამენტო მანდატი მესამეჯერ დაამტკიცა, რაც მათი მიღწევების აღიარების გარდა რეფორმების ტემპის შენარჩუნებას გულისხმობს.