ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ბრალდებები, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება, პლურალისტური მედია და დამაშინებელი გარემო საარჩევნო უბნებთან - კენჭისყრის დღეს საერთაშორიო სადამკვირვებლო მისიისთვის ყველაზე ნეგატიური ელემენტების შემცველი ფაქტორები აღმოჩნდა. საერთაშორისო მონიტორები კამპანიის დაფინანსების გაუმჭვირვალობასა და არათანაბარ პირობებზეც საუბრობენ.
წინასწარ დასკვნაში მისია იმასაც წერს, რომ საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა უარყოფით გავლენას ახდენდა საზოგადოებრივ აღქმაზე მათ მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ქვედა დონეებზე. თუმცა, ეუთო/ოდირის ზოგადი შეფასებით, 31 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.
საერთაშორისო მისიას, კერძოდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელს კონკრეტული მოწოდებები აქვს. მისი მიმართვის ადრესატები პოლიტიკური პარტიები არიან. ტინი კოქსი მეათე მოწვევის პარლამენტს შეკრებისკენ და საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობისკენ მოუწოდებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელი კენჭისყრის დღეს და არჩევნების მეორე დღეს გამართულ საპროტესტო შეკრებებსაც აფასებს.
ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს და 31 ოქტომბრის არჩვენების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს.
მმართველი გუნდის ოპონენტების განმარტებით, ისინი პატივს სცემენ საერთაშოროსო პარტნიორებს, თუმცა, საკუთარი ოპოზიციური დღის წესრიგით მოქმედებას აანონსებენ.
მმართველი გუნდი კი ეუთო/ოდირის დასკვნას მაშინვე გამოეხმაურა და პოზიტიურად შეაფასა.