17 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
მადლობა კელი დეგნანს სადამკვირვებლო მისიებთან ერთად განსაკუთრებული ობიექტურობისთვის - მამუკა მდინარაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა წინა წლებთან შედარებით 2020 წლის არჩევნებში პროგრესი აღნიშნეს.

მამუკა მდინარაძემ კელი დეგნანსა და სადამკვირვებლო მისიებს განსაკუთრებული ობიექტურობისთვის მადლობა გადაუხადა.

"მე არ მგონია, რომ ეუთო და ჩვენი ელჩი, ქვეყნის ძალიან დიდი მეგობარი კელი დეგნანი საუბრობდა მხოლოდ 2016 წელზე, საუბარი არის ასევე 2018 წელზე და მე ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ეუთოს თითოეულ წარმომადგენელს, სადამკვირვებლო მისიების თითოეულ წარმომადგენელს და კელი დეგნანს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ბევრ რეფორმასთან დაკავშირებით, რომელშიც ის უშუალოდ იყო ჩართული და მას ასევე ძალიან დიდი მადლობა სადამკვირვებლო მისიებთან ერთად განსაკუთრებული ობიექტურობისთვის, ეს ბუნებრივია მათთვის ძალიან დამსახურებულია და ეკუთვნით, რომ ჩვენ ეს მადლობა მათ გადავუხადოთ.

რაც შეეხება 2016-თან შედარებას კონკრეტულად, თუ არ გახსოვთ ერთი დამთხვევაა ასეთი ნიშანდობლივი, რომ "ნაცმოძრაობამ" მაშინაც თუ არ ვცდები 27% მიიღო და ჩვენც მაშინაც მივიღეთ 48%, თუმცა ასევე გაგახსენებთ, როდესაც დღეს არის საუბარი იმაზე, როგორ აკომპლექტებს მთავრობას ამ შემადგენლობით შეგახსენებთ, რომ შეიძლება ერთ მანდატში შევცდე, 67 თუ 68 მანდატი ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ 2016 წელს მოპოვებული პირველი ტურის შემდეგ და მეორე ტურში მაშინ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღეთ, თუმცა ამის შესაძლებლობა ახლა წარმოუდგენელია ცვლილების გამო, მაგრამ ასევე ერთი ბედის ირონიის შესახებ ნახევრად ხუმრობით გეტყვით, რომ ყოფილიყო სრულად პროპორციული სისტემა, ბოლომდე არ დამითვლია, მაგრამ დაახლოებით ახლა „ქართულ ოცნებას“ ექნებოდა 98 მანდატი, რა თქმა უნდა 5%-იანი ბარიერით იმ შემთხვევაში თუ გაიმართებოდა იგივე სისტემით, როგორც უნდა გაიმართოს 2024 წელს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმაც აღნიშნეს პროგრესი წინა წლების არჩევნებთან შედარებით და ხაზი გაუსვეს იმას, რომ საკანონმდებლო მიმართულებითაც ამ სფეროში გაკეთდა ბევრი რამ, თუმცა, რა თქმა უნდა, მიგვითითეს ამ რეფორმის გაგრძელებაზე და საარჩევნო როგორც კანონმდებლობის, ასევე მიდგომების კიდევ უფრო დახვეწაზე. ბუნებრივია, ამ რეკომენდაციებს ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ, როგორც ამას აქამდეც ვაკეთებდით," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები