"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 27% აიღო.
მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა გაიზრდება და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაიკლებს.
"ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა, შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო. ძალიან შემაშფოთებელია, რომ ასეთი შინაარსის და ფორმის პოლიტიკური ძალა დღესაც 27%-ს იღებს საპარლამენტო არჩევნებში. შეგახსენებთ, რომ ეს ის ძალაა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ჩააბარა მტერს, რუსეთის ფედერაციას, რომელმაც ოკუპაცია გაუფორმა რუსეთის ფედერაციას, რომელიც ციხეებში კლავდა, აწამებდა და აუპატიურებდა ადამიანებს და ა.შ. ასეთია ეს პოლიტიკური ძალა, და რომ ის იღებს 27%-ს არჩევნებში, ეს არის უმძიმესი. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური კულტურა განვითარდება ქვეყანაში და მათი მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად დაიკლებს. რაც შეეხება დაანონსებულ აქციას, არავითარი რესურსი არ გააჩნიათ,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია საპარლამენტო ცხოვრებას ბოიკოტს არ გამოუცხადებს და პარლამენტში შევა.
"მე დარწმუნებული ვარ, შემოვლენ და ამის ყველა ნიშანი უკვე არსებობს,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.