17 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანია კელი დეგნანის განსაკუთრებული წვლილი საარჩევნო კოდექსის დახვეწაში - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ამერიკის საელჩოსა და ელჩს, კელი დეგნანს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მათ შეიტანეს საარჩევნო კოდექსის დახვეწაში.

​მისივე განცხადებით, ახალ პარლამენტში წარმოდგენილი იქნება 9 განსხვავებული პარტია, რაც პლურალიზმის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. 

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის საელჩოს ეს შეფასება, ისევე, როგორც ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განსაკუთრებული წვლილი იმ პროცესში, რასაც ერქვა ახალი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება და საარჩევნო კოდექსის დახვეწა.

თითქმის დასრულებულია საარჩევნო უბნის მონაცემების დათვლა, დარჩენილია 4 უბანი. კიდევ ერთხელ დადასტურდა უკვე საბოლოოდ, რომ "ქართულმა ოცნებამ" დამაჯერებლად მოიგო საპარლამენტო არჩევნები. ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლა და განვითარება.

რა თქმა უნდა, აცდენილია ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებთან ის განცხადებები, რომელიც კეთდება ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მშვიდად გაგრძელდება პროცესი მეორე ტურამდე და შემდეგ საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომამდე.

ყველა საერთაშორისო პარტნიორი მუდმივად აკეთებენ განცხადებებს მომავალ პარლამენტთან თანამშრომლობის თაობაზე. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს იმ მოცემულობის პირობებში, რომ ახალ პარლამენტში იქნება 9 პოლიტიკური პარტია წარმოდგენილი, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. ასეთი მაჩვენებელი ჩვენ 1992 წლის შემდეგ არ გვქონია. ძალიან მაღალი პლურალიზმის ხარისხი გვექნება ახალ პარლამენტში, რაც არის სწორედ იმ ცვლილების დამსახურება, რაც განხორციელდა ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის ძალიან დიდი ძალისხმევით.

ჩვენთვის ყურადსაღებია ამ განცხადების კრიტიკული ნაწილიც. ასევე, ანალოგიური შენიშვნები, რომელიც გამოითქვა სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ამას დიდი ყურადღებით მოვეკიდებით,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები