"ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია" საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს. ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა "ღამის კურიერში" განაცხადა.
"დღევანდელი ჩვენი გადაწყვეტილებით, ჩვენ მეორე ტურებში არ ვაპირებთ მონაწილეობას. რომელ მეორე ტურში უნდა მიიღოს ნიკა მელიამ მონაწილეობა?! გუშინ მთელი დღე ვიყავი გლდანის საარჩევნო ოლქში და მე იქ, რაც ვნახე, ეს არის ენითაღუწერელი ძალადობა ამომრჩეველზე. ნიკა მელია მიუხედავად ამ ძალადობისა, არის საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრი. მან რეალურად მოიგო გლდანის მაჟორიტარული ოლქი. მეორე ტურში როგორ უნდა გავიდეს ნიკა მელია, როდესაც მას მოგებული აქვს უკვე ეს არჩევნები, რომელიც თამარ ჟვანიამ გადაწერა და ჩვენ ვაპირებთ, რომ ამის პრეზენტაცია მოვაწყოთ. ჩარევის ხარისხი იყო იმგვარი, რომელიც უკვე ზეგავლენას ახდენს არჩევნების შედეგებში რეალური ნების ასახვაზე," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სამადაშვილი ასევე აცხადებს, რომ დღევანდელი მონაცემებით, ის შეფასებები, რასაც საერთაშორისო პარტნიორები აკეთებენ არ არის სრული, რადგან მათაც არ აქვთ ჯერ სრული ინფორმაცია.
გარდა ამისა, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
"ჩვენ გვჭირდება ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და გვჭირდება ახალი არჩევნების დანიშვნა ქვეყანაში, იმისთვის, რომ ქვეყანას მიეცეს სტაბილური განვითარების შესაძლებლობა," - აღნისნა სამადაშვილმა.