პარტია "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე "ღამის კურიერში" აცხადებს, რომ "ლელო" რა თქმა უნდა, პატივს სცემს საერთაშორისო პარტნიორების და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას, მაგრამ არჩევნებზე უამრავი დარღვევა იყო დაფიქსირებული, რისი დამადასტურებელი ფაქტებიც იქნება.
მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ არჩევნები პირველ რიგში ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალებაა, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ არჩევნები გაყალბდა. მან არჩევნებს სპეცოპერაცია უწოდა და თქვა, რომ არანაირი სურვილი არა აქვს ტყუილზე დაფუძნებულ სპეცოპერაციაში მიიღონ მონაწილეობა.
"ჩვენ რა თქმა უნდა პატივს ვცემთ საერთაშორისო და განსაკუთრებით შეერთებული შტატების პოზიციას, მაგრამ უამრავი დარღვევა ამოდის, რომლის ფაქტობრივი დადასტურება იქნება და შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამას შეიცვლიან იმიტომ, რომ აქ ლაპარაკია გარემოზე, ეს ყველაფერი კარგად დადგმული სპექტაკლი იყო, არის უზარმაზარი დარღვევები ოლქებში, შესაბამისად ყველა ფაქტს ჩვენ გავასაჯაროვებთ და ადამიანები დაინახავენ.
რაც შეეხება საერთაშორისო შეფასებას, არჩევნები პირველ რიგში არის ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვა და ყველამ ძალიან კარგად იცის საქართველოში, რომ ეს არჩევნები გაყალბდა. ეს იყო სპეცოპერაცია, რომელიც ჩაატარეს და კიდევ ვიმეორებთ, ჩვენ არანაირი სურვილი არა გვაქვს, რომ ამ სპეცოპერაციაში, რომელიც არის ტყუილზე დაფუძნებული, რომელიც არის ქვეყნის არაპერსპექტივაზე და არასახელმწიფოებრიობაზე დაფუძნებული მივიღოთ მონაწილეობა.
ამიტომ, მე მოვუწოდებ მთელ ოპოზიციას, ყველას ვისაც ამ ქვეყანაში უნდა ნორმალური კანონი, სამართალი, თავისუფლება, გავერთიანდეთ, არ დავთმოთ არც ერთი ჩვენი ამომრჩევლის ხმა იმიტომ, რომ ეს არ ეხება „ლელოს“ ან რომელიმე პარტიას, ეს ეხება თითოეულ თქვენთაგანს მეგობრებო. თუ ამ თავისუფლებას დავთმობთ და ამას წაგვართმევენ ამ ქვეყანას პერსპექტივა არ გააჩნია, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს, ჩვენ ვაიძულებთ საერთაშორისო და შიდა ყველა რესურსით, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები.
როცა მაგიდის მოპირდაპირე მხარეს გიზიან მატყუარები იმ ადამიანებს უნდა აუყირაო მაგიდა, არ შეიძლება, ყველაფერს აქვს საზღვარი, უნდა დაისვას წერტილი და ამ ქვეყანამ უნდა დაიწყოს ნორმალური განვითარება - ეს არის ჩვენი პასუხი, არავის გაპრავებას არ ვაპირებთ ჩვენ აქ," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.