თუ ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს გამოუცხადებენ, მაჟორიტარულ ოლქებში ავტომატურად "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ ისაუბრა.
მისი თქმით, სამართლებრივად, ოპოზიციის ბოიკოტი ახალი პარლამენტის შეკრებას ვერ დააბრკოლებს.
"ამ გადაწყვეტილებას არ შეუძლია გავლენა იქონიოს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობაზე, სამართლებრივი თვალსაზრისით. ოპოზიციის მხრიდან მეორე ტურის ბოიკოტის შემთხვევაში, "ოცნების" კანდიდატები გახდებიან დეპუტატები ავტომატურად, ამ შემთხვევაში, კონკურენცია აღარ იქნება.
ერთ საკითხზე მინდა დამატებითი ყურადღება გავამახვილო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობაზე, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ქართული ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო არჩეულია ახალი სისტემით -ეს არის 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი. შესაბამისად, ჩვენ საბოლოო შედეგები გვეცოდინება მას შემდეგ, არჩევნების სრული ციკლი დასრულდება, შედეგები შეჯამდება, მათ შორის, მეორე ტურის და ამის შემდეგ გვექნება სრული პასუხი იმაზე, თუ როგორ გადანაწილდება მანდატები. ოპოზიციის ბოიკოტი კონსტიტუციის მიხედვით მეორე ტურის ჩავარდნას არ ნიშნავს,"-განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.